საქართველოში მარილის იმპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის ათ თვეში ქვეყანამ 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 50 000 ტონამდე მარილი იყიდა. გასულ წელს კი 4,8 მლნ აშშ დოლარის 49 000 ტონამდე მარილი შემოვიტანეთ.
როგორც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალიდან ირკვევა, საქართველოში მარილი 20-ზე მეტი ქვეყნიდან შემოგვაქვს. წელს მთავარი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი იყო, საიდანაც 1,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 19 636 ტონა მარილი შემოვიტანეთ. მეორე ადგილზე ირანია 1,5 მლნ აშშ დოლარის 21 150 ტონა მარილით, ხოლო მესამე ადგილზე აზერბაიჯანი - 1,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 7000 ტონა მარილის იმპორტით. ხუთეულში შედის რუსეთი და საბერძნეთიც.
რაც შეეხება ექსპორტს, მისი მოცულობა გაცილებით მცირეა. მაგალითად, წელს, ათ თვეში 6240 დოლარის 22 ტონა მარილი გავიტანეთ ექსპორტზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 26 410 დოლარის 25 ტონა. სტატისტიკიდან ჩანს რომ, მარილის ექსპორტის მოცულობა წელს დაახლოებით ოთხჯერ შემცირებულია, ისევე როგორც, შემცირებულია საექსპორტო ფასიც.
რაც შეეხება მარილის საექსპორტო ქვეყნებს, ძირითადად ესენია სომხეთი და ირანი, ხოლო უმნიშვნელო რაოდენობით მარილი წელს გერმანიასა და ავსტრალიაშიც გავიდა.