"რეზერვების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა ქვეყანაში შენარჩუნდეს", - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხა, მისთვის რა არის მთავარი, ლარია და ფასების სტაბილურობა, თუ რეზერვების შევსება.
"მოგეხსენებათ, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ამიტომ ჩვენ ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე ნიშნული არ გვაქვს. რეზერვებს რაც შეეხება, რეზერვების არსებობა საქართველს ეროვნულ ბანკს არაადეკვატური ჰქონდა.
ის შეფასებები, რომელიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რამდენად ადეკვატურია ეროვნული ბანკის რეზერვები. აქედან გამომდინარე, როდესაც არის საშუალება იმისა, რომ რეზერვები დავაგროვოთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ", - განმარტა გვენეტაძემ.
მისივე განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში არანაირი გავლენა არ აქვს გაცვლით კურსზე იმ ინტერვენციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს.
"ეს არის პოპულარული იდეა, როდესაც გაუფასურება იწყება მაშინვე ჩარევა ხდება. საქართველოს სავალუტო ბაზარი არ არის ისეთი პატარა, როგორიც ეს ადრე იყო, როდესაც რამდენიმე მილიონს შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა. რა თქმა უნდა, ეს დიდიც არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში იზრდება.
იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ მოკლევადიან რყევებზე ჩარევა ხდება მოლოდინების ჩასაქრობად, ეს კონტრპროდუქტიულია, რადგან ეს სპეკულაციურ მოლოდინებს აღვივებს და უფრო მეტ გაუფასურებას იწვევს. საბოლოოდ იქნება, რომ ლარი უფრო მეტად გაუფასურდება და რეზერვებიც უფრო ნაკლები გვექნება", - განმარტა გვენეტაძემ.
საუბრის ბოლოს გვენეტაძემ აღნიშნა, რომ "სებ–ისგათვლებით, რომელსაც ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ასევე დაეთანხმა, 2019 წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ადეკვატური დონის მინიმუმს უნდა მიაღწიოს, რომელიც მეტრიკის 100%-ია".

























