ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. მან ჟურნალისტებთან, საქართველოს მთავრობის განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
ბერსე ხაზს უსვამს, რომ ევროპის საბჭოს წევრობა ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ბოლო პერიოდშიც გვქონდა კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გამჭვირვალე და გულწრფელი საუბრები, თუმცა ეს ყოველთვის საჯაროდ არ იქნება.
მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები იმას, რაც ამჟამად ხდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს და, როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა ღირებულებებისადმი ერთგულებასაც გულისხმობს. მხედველობაში მაქვს ის, რომ 46-ვე წევრი სახელმწიფო ერთგულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპების. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია განვავითაროთ ურთიერთობები და თანამშრომლობა. მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს ვალდებულებები კვლავ და კვლავ უნდა დავადასტუროთ, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთობლივი მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოსთანაც, რა თქმა უნდა",- თქვა ალან ბერსემ.
























