მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოქმედ კოოპერატივებს შესაძლოა, ვალდებულებები გადაუვადდეთ

5ff8128a870ee
სალომე მეცხვარიშვილი
08.01.21 12:04
916
საქართველოში მოქმედ კოოპერატივებს შესაძლოა, ვალდებულებები გადაუვადდეთ. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტის წევრები გამოდიან და ითხოვენ ცვლილებას „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, ხატია წილოსანი, შალვა კერესელიძე არიან.

კანონპროექტის მიხედვით, კოოპერატივებს მომდევნო წლის პირველ იანვარმდე ეძლევათ ვადა, რომ შეასრულონ ვალდებულებები და ერთი მხრივ, წევრთა მინიმალური რაოდენობა კოოპერატივში 9– მდე გაზარდონ, მეორე მხრივ კი საკუთარი წესდებები მოიყვანონ კანონთან შესაბამისობაში და გაწერონ, რომ მინიმალური საპაიო შენატანი 300 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ვალდებულებების დაკმაყოფილებისთვის საქართველოში მოქმედ კოოპერატივებს ვადა 2021 წლის პირველ იანვარმდე ჰქონდათ, თუმცა, Covid-19–ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, მათ ხელი შეუშალა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე 1016 კოოპერატივი, რომელთა უმეტესობამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო კოოპერატივების საქმიანობისა და წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

“იმის გათვალისწინებით, რომ კოოპერატივებს ესაჭიროებათ კონსულტაციების გამართვა დამატებითი წევრების მოსაძიებლად და საერთო კრებების მოწვევა გადაწყვეტილებათა მისაღებად, ამასთან - რეგიონებში დაბალია ნოტარიუსთა მომსახურების ხელმისაწვდომობა, მათი უმრავლესობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეცვათ კანონით განსაზღვრული ვადები”,– ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც პარლამენტში 2020 წლის 30 დეკემბერს დარეგისტრირდა და მის განხილვას კანონპროექტის ავტორები დაჩქარებული წესით ითხოვდნენ, თუმცა, ჯერჯერობით მასზე მსჯელობა არ დაწყებულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი კოოპერატივები გარკვეული საგადახასადო შეღავათებით სარგებლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები