"საქართველოში მოსამართლეობის მსურველი ადამიანი არ დარჩა", - ამის შესახებ "სასამართლო გუშაგის" დამფუძნებელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. იურისტი აღნიშნავს, რომ მიკერძოებულ სისტემაში მოსამართლეობა აღარავის უნდა.
"12 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, თუმცა შედეგები არ მოიტანა. ჩვენი მოქალაქეები სასამართლოში ისევ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დადიან. დავები წლების განმავლობაში გრძელდება. საქართველოში მოსამართლეობის მსურველი ადამიანი არ დარჩა. არის 100-ზე მეტი ვაკანტური ადგილი, თუმცა არ არიან მსურველები, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობაა. სისტემაში კლანური მმართველობა არის. სანქცირებული მოსამართლეები მაღალ პოზიციებს იკავებენ. "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და 28 მოსამართლე თანამდებობაზე აირჩია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა, მოსამართლეების კეთილსინდისიერება შეემოწმებინა. "ქართული ოცნება" უარს ამბობს, ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის კეთილსინდისიერება შეამოწმოს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
"საქართველოს სასამართლოს გუშაგის" ორგანიზებით, ღონისძიება "ქართული ოცნების 12 წელი სასამართლოში" გაიმართა. აღინიშნა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობამ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა ვერ უზრუნველყო, სასამართლოს ყველა შტო კი მთავრობის მძევალია.