მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მყარი სუნამოს ბრენდი ENOA შეიქმნა - საწყისი ინვესტიცია 100 000 ლარია

ენოა

ქართულ ბაზარზე ახალი პარფიუმერიული ბრენდი ENOA გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს სუნამოს განსხვავებულ - მყარი ტექსტურით სთავაზობს. როგორც კომპანია „მაისონ ლაბის“ დირექტორმა ზურა ბარათაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ახლახან შეიქმნა, მას უკვე საკმაოდ დიდი ინტერესი მოჰყვა ადგილობრივ მომხმარებლებში.

მისი განმარტებით, ENOA-ს კონცეფციაა მომხმარებელს შესთავაზოს მსოფლიოში პოპულარული სურნელების არომატული მიმართულებები, თუმცა სრულიად ახალ მყარ ფორმატში.

„მყარი სუნამო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა საქართველოში ეს ფორმატი ჯერ კიდევ ნაკლებად არის გავრცელებული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბრენდი, რომელიც სუნამოს ახალ, უფრო მოსახერხებელ ფორმატში წარმოადგენდა. ეს ფორმატი კომპაქტურია, მარტივად სატარებელი და განსაკუთრებით მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

ამ ეტაპზე, ბრენდი რამდენიმე განსხვავებულ სურნელს აწარმოებს, რომელიც სხვადასხვა არომატით არის შთაგონებული.

კომპანიის დირექტორის განმარტებით, მყარი სუნამო, განსხვავებით ტრადიციული თხევადი პარფიუმერიისგან, ბალმის მსგავსი ფორმის სურნელოვანი კომპოზიციაა. იგი მზადდება ცვილების, ზეთებისა და არომატული კომპოზიციების საფუძველზე და მცირე რაოდენობით კანზე დაიტანება.

„სუნამო საქართველოში იწარმოება, მაღალი ჰიგიენური სტანდარტების მქონე საწარმოში, სადაც თანამედროვე ჰაერის წმენდისა და HEPA ფილტრაციის სისტემებია გამოყენებული. მცირე მოცულობის წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს მუდმივად აკონტროლოს ხარისხი.

რაც შეეხება ნედლეულს, კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის საჭირო cosmetic grade ხარისხის ნედლეული საქართველოში პრაქტიკულად არ იწარმოება, ამიტომ ძირითადი ინგრედიენტები შემოგვაქვს აშშ-ში არსებული სერტიფიცირებული მომწოდებლებისგან“, - ამბობს ბარათაშვილი.

კომპანიის დირექტორის თქმით, საწყის ეტაპზე განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენს, რომელიც ძირითადად პროდუქტის განვითარებასა და ბრენდის შექმნას მოხმარდა: „მომავალ ეტაპზე დაგეგმილია დამატებითი ინვესტიციები, წარმოების გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

მისივე თქმით, ბრენდის ძირითადი მომხმარებელი ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზარია, თუმცა პროდუქტი ტურისტებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. მისი თქმით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გაყიდვების არხი ონლაინ პლატფორმები და სოციალური ქსელებია, სადაც მომხმარებლები აქტიურად ეცნობიან პროდუქტს და შეკვეთებს აკეთებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ მოცულობით კომპაქტურია, ის საკმაოდ ეკონომიურია. მყარი სუნამო უფრო კონცენტრირებულია თხევადთან შედარებით, კანზე უფრო დიდხანს რჩება და ნაკლებად იფანტება. მყარი სუნამოს ფასი ამ ეტაპზე 59 ლარია, რაც საწყისი სააქციო შეთავაზებაა.”, - ამბობს კომპანიის დირექტორი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ლევან ქიაჩელის N28-ში არსებულ კონცეპტუალურ სივრცეში, ასევე ონლაინ პლატფორმებისა და სოციალური ქსელების საშუალებით.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მომავალში სურთ როგორც სურნელების ასორტიმენტის გაფართოება, ასევე სხვა სურნელოვანი პროდუქტების განვითარებაც. ამასთან, კომპანიაში ექსპორტის შესაძლებლობებსაც განიხილავენ და განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრები, სადაც ნიშური და არტიზანული პარფიუმერიული პროდუქციის მიმართ მოთხოვნა მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები