ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი განცხადებით, საქართველოში ნარკოტიკის ინიექციური მომხმარებელთა რაოდენობა, ზრდასრული მოსახლეობის 2%-ს შეადგენს, რაც ევროპის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ამის შესახებ დავით ოთიაშვილმა BMGTV-ის ტელეგადაცემა,"ჯანდაცვის სტანდარტში" ისაუბრა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა გადაცემაში წამალდამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებათა ჯგუფებზე, ნარკოტიკების კონტროლსა და რეგულირებასა და საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრა.
"საქართველოში ძალიან ბევრი ნარკოტიკის ინიექციური მომხმარებელი გვყავს. თუ არსებულ მონაცემებს დავეყრდნობით, შესაძლოა ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალიც კი იყოს. დღეისათვის ქვეყანაში 49 000 ინიექციურ მომხმარებელია. თუ ზრდასრულ მოსახლეობაზე გადავითვლით, მათი რაოდენობა 2%-ზე ოდნავ მეტი გამოდის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მაგალითად, საშუალო ევროპული მაჩვენებელი 0.3%-ია. ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ზრდასრული მოსახლეობის 0.8%-ია, ამიტომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რამდენად უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. ამას თავის მიზეზებიც აქვს - 90-იანი წლებიდან მოყოლებული მოხმარება კიდევ უფრო მაღალი იყო და 20-30 წელი ინერციით გადმოგვყვა. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს მაჩვენებელი ჩვენს ხელთ არსებულ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, კლებისკენ მიდის", - აღნიშნა დავით ოთიაშვილმა გადაცემაში "ჯანდაცვის სტანდარტი".
წამალდამოკიდებულება (ნარკომანია) გლობალური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს გამოწვევაა. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) 2023 წლის მსოფლიო ნარკოტიკების ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ნარკოტიკები სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაახლოებით 296 მილიონმა ადამიანმა (მსოფლიო მოსახლეობის 5.8%, 15-64 წლის ასაკში) გამოიყენა. აქედან, დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი ოპიოიდებს არასამედიცინო მიზნით იყენებდა. 2019 წელს, ნარკოტიკების მოხმარებამ დაახლოებით 600 000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, მათი 80% ოპიოიდებთან იყო დაკავშირებული, აქედან 25% დოზის გადაჭარბებით იყო გამოწვეული.
საერთაშორისო დონეზე, ნარკოტიკების კონტროლი რეგულირდება გაეროს სამი ძირითადი კონვენციით, თუმცა მისი კონტროლის მცდელობები ჯერ კიდევ 1909 და 1912 წლიდან (შანხაის კომისია და ჰააგის კონვენცია) იწყება.
- ერთიანი კონვენცია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ (1961 წ.)
- კონვენცია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ (1971 წ.).
- გაეროს კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ (1988 წ.). ჯანმო-ს ექსპერტთა კომიტეტის ნარკოტიკების დამოკიდებულების შესახებ (ECDD) რეკომენდაციების საფუძველზე, არაერთი სინთეზური ოპიოიდი, მათ შორის ფენტანილის ანალოგები, მოექცა საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, რაც ნიშნავს მათი ხელმისაწვდომობის მკაცრ რეგულირებას.
გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევა #ჯანდაცვისსტანდარტი




























