მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ოქროს ფასი გაიზარდა

58245a2474062
სალომე მეცხვარიშვილი
10.11.16 15:50
16934
საქართველოში ოქროს ფასი გაიზარდა. განსაკუთრებული ცვლილება ბაზარზე დაახლოებით ერთი თვეა ფიქსირდება. „აგორა ფინანსების“ ინფორმაციით, უმაღლესი ხარისხის ოქროს საშუალო ღირებულებამ ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში ერთბაშად 6%-ით მოიმატა და 70 ლარი გახდა. სავაჭრო ობიექტებში კი ფასების უფრო მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებენ. ე.წ. ოქროს ბირჟაზე აცხადებენ, რომ უმაღლესი ხარისხის ოქროზე ფასმა 100 ლარს მიაღწია. მოვაჭრეების ინფორმაციით, გაზრდილია როგორც ნაკეთობის, ასევე ნედლეულის ფასი. ოქროს ფასის მატების პროპორციულად შემცირდა ოქროზე მოთხოვნა - მოვაჭრეები გაყიდვების მკვეთრ კლებაზე მიუთითებენ.

შედარებით განსხვავებულია მდგომარეობა სამკაულების ქსელურ მაღაზიებში. როგორც „ბიზნესკონტრაქთან“ კომპანია დელფოსის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კირვალიძე აცხადებს, ფასები საერთაშორისო ბირჟებზე გაიზარდა, თუმცა, ძველმა მარაგებმა ქსელებს შესაძლებლობა მისცა, ფასები არ შეეცვალათ, ან მცირედით გაეზარდათ. კომპანიის ხელმძღვანელი ფასების ზრდის მიზეზებზე საუბრისას უფრო მეტად ლარის დოლართან მიმართ გაუფასურებას ასახელებს.

ქართულ ბაზარზე ოქროს ფასების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარია. როგორც წესი, გლობალურ ბირჟებზე ფასების ზრდა საქართველოზე მაშინვე არ აისახება და სხვადასხვა პროდუქციაზე ფასების ცვლილებას გარკვული დრო სჭრდება. თუმცა, ამ შემთხვევაში საქართველოში ოქროზე ფასების ზრდა დროში ზუსტად ემთხვევა საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს გაძვირებას. ბლუმბერგის მონაცემებით, ფასების განსაკუთრებული ზრდა გლობალურ ბირჟებზე ოქტობრის ბოლოს იწყება. ერთი უნციის ღირებულებამ 4 ნოემბერს 1,305 დოლარი შეადგინა. საინტერესო იყო ოქროზე ფასების ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების ფონზეც. ტრამპის გამარჯვების პარალელურად 8 ნოემბერს ოქროზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასი საათობრივად იზრდებოდა. თუმცა, ძვირფას მეტალზე საერთაშორისო ბაზრებზე ამ ეტაპზე ფასების ზრდა არ შეინიშნება და ფასები სტაბილურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები