საქართველოში ორ ისრაელურ კომპანიას მოვუწყვეთ შეხვედრები და ვაშლის ექსპორტზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Bm.ge-ის საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა და ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ განუცხადა.
მისი თქმით, საუბარია კომპანია „ბიქურე სადესა“ და „ბერეშითზე“, რომლებიც საქართველოში, მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას ახლდნენ.
„მხარეებს შორის პირველადი შეთანხმება არის. საუბარია საქართველოში 30 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ვაშლის მოყვანაზე და შემდეგ ისრაელში ექსპორტზე“, - აღნიშნა იციკ მოშემ.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით ახლა, როცა ისრაელში თურქეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ექსპორტი შემცირდა:
„როგორც კი თურქეთიდან შეწყდა 10 მილიარდის ექსპორტი პოლიტიკური პრობლემები გამო, იქვე ჩავერთეთ და ეკონომიკის კომიტეტის წევრებთან დავიწყეთ აქტიურობა ისრაელში.
თურქეთი ნაწილობრივ უნდა შეცვალოს საქართველომ - ესაა რეალური მიზანი. მჯერა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ეს შეუძლია და მინისტრებს შორის შეთანხმება ხელს უწყობს ამას. ჩვენ ასევე დავიწყეთ ქართული კომპანიებისთვის ქოშერის სერტიფიკატის მიღებაში ხელშეწყობა. ლაპარაკია ღვინოზე, ჩაიზე, თხილსა და სხვა პროდუქციაზე, რაც გააძლიერებს ექსპორტს ისრაელში“, - განაცხადა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ისრაელელ კოლეგას უმასპინძლა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ორმხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მათივე ცნობით, გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით. შემუშავდება თანამშრომლობის მემორანდუმი. სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, საქართველოდან ისრაელში მთავარ საექსპორტო საქონელს შორის თხილი და კაკალი, ასევე ავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტებია. რაც შეეხება ვაშლს, საქართველოდან ისრაელში ვაშლის ექსპორტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.




























