საქართველოში პირველად ბიოდიზელის საწარმოებლად ზეთოვან კულტურას რაფსის გამოიყენებენ.
კომპანია "ბიოდიზელ ჯორჯიამ", რომელიც ბიოდიზელს აწარმოებს, „ლომთაგორასა“ და „სითი ლოფტთან“ პარტნიორობით საგარეჯოს რაიონში, 50 ჰექტარ ტერიტორიაზე რაფსის კულტურა გააშენეს, რომლის გადამუშავების შედეგად ბიოდიზელს დაამზადებენ.
"ბიოდიზელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მურმან პატარაიას განცხადებით, რაფსის კულტურის გაშენება სატესტო რეჟიმში მოხდა. სამომავლოდ თუ პროექტი გაამართლებს ზეთოვანი მცენარის რამდენიმე ათას ჰექტარზე დათესვავს გეგმავენ.
"რაფსის თესლი ჩამოვიტანეთ და სატესტო რეჟიმში 50 ჰექტარ ტერიტორიაზე დავთესეთ. ეს მოხდა პირველად. საქართველოში რაფსი არასდროს არავის მოუყვანია. თუ ჩვენი გეგმა გაამართლებს ვგეგმავთ ფერმერებთან ვითანამშრომლოთ და წარმოება გავზარდოთ", - აცხადებს პატარაია.
კომპანია რაფსის მოსავალს 90 დღეში აიღებს. რაც შეეხება ტექნოლოგიას, რომლითაც ბიოდიზელის წარმოება უნდა მოხდეს, პატარაიას განმარტებით, რაფსი სპეციალურ საწნეხ აპარატში გამოიწურება, გამოცალკევებული ზეთით კი ბიოდიზელი უნდა აწარმოონ. ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რაც შეიძლება რაფსისგან მიიღონ. პატარაიას თქმით, რაფსის ნარჩენებით ე.წ კოპტონი მიიღება, რომელიც ცხოველების საკვებად გამოიყენება.
"50 ჰექტარზე დათესილი კულტურისგან დაახლოებით 50 ტონა ზეთი უნდა მივიღოთ და 80 ტონა კოპტონი ვაწარმოოთ", - აცხადებს პატარაია.
ბიოდიზელის საწარმო პირველად საქართველოში გასული წლის ივლისში გაიხსნა.
ინიციატივა ნავთობკომპანია "ფრეგოს" ეკუთვნის, კომპანია "ბიოდიზელ ჯორჯიასთა" ერთად.
ბიოდიზელი ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული, კარბონ-ნეიტრალური საწვავია, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში არ იზრდება ნახშიროჟანგის კონცენტრაცია, მაშინ როცა საერთაშორისო გათვლებით და გაანგარიშებებით, მხოლოდ ერთი ტონა ნავთობდიზელის დაწვით ატმოსფეროს სამ ტონამდე ნახშიროჟანგი ემატება.
"ბიოდიზელის" დამზადებისთვის საჭირო ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს მეორადი გამოყენების საკვები ზეთი წარმოადგენს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, საწარმოს გახსნიდან დღემდე 200 ათასი ლიტრი ნედლეულის გადამუშავებით მათ უკვე 190 ათასი ლიტრი ბიოდიზელის რეალიზაცია შეძლეს.

























