მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირველად დამბალი ხაჭოს ქარხნული წარმოება დაიწყება

5bd704a138b33
მაია ბიწაძე
29.10.18 16:59
1916
საქართველოში პირველად დამბალი ხაჭოს ქარხნული წარმოება დაიწყება. საწარმო, რომელიც აღნიშნულ პროდუქციას დაამზადებს დუშეთის რაიონის, სოფელ შუაფხოში შენდება და მისი წარმადობა 1,5 ტონა იქნება. ამის შესახებ Bm.ge-ს ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში განუცხადეს“. საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება და მომავალი წლიდან ექსლუატაციაში შევა.

პროექტი "მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ - საძოვრების რაციონალურად გამოყენების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც კოოპერატივებს რძის პროდუქტების წარმოების სრული ციკლის შექმნაში ეხმარება. აღნიშნული პროგრამა 2017 წლიდან ამოქმედდა. ამავე პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მომავალ წელს კიდევ სამი რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, კერძოდ წალკის, დმანისის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. როგორც სააგენტოში აცხადებენ, თითოეული ქარხნის წარმადობა 10 ტონა იქნება, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და მათი მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.

აღნიშნული საწარმოების აღჭურვის მიზნით, რძის გადამამუშავებელი დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენაზე ტენდერი გამოცხადდა, რომელიც 1,7 მილიონი ლარის ღირებულებისაა. აღნიშნული თანხით შეძენილი იქნება ოთხი რძის გადამამუშავებელი კომპლექტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 1000 ლიტრი ტევადობის რძის გამაციებელ რეზერვუარებს, რძის ფილტრებს, ყველის სახარშ აბაზანებს, შრატის ავზებს, ყველის ფორმებს როგორც ქართული, ასევე უცხოური ყველის წარმოებისთვის, სულგუნის მოსაზელ დანადგარს, თაროებს ყველის დაყოვნებისთვის, კარაქის გადამამუშავებელ დანადგარს და სხვა. ტენდერი ასევე ითვალისწინებს აღჭურვილობის საწარმოებში მონტაჟს.

"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ - საძოვრების რაციონალურად გამოყენების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ კოოპერატივებს, სათიბ-საძოვრები 25 წლიანი იჯარით გადაეცათ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები