მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირველად უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო

ტრეინინგი
BM. GE
30.11.23 14:41
1762

მსოფლიოს მასშტაბით, უძრავი ქონების სფეროში მუშაობა პრესტიჟულად ითვლება, მასში მოხვედრა კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს: კურსები, სერტიფიცირება, ლიცენზია, სამუშაო გამოცდილება, - მსურველებს მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების გადალახვის შემდგომ გაქვს საშუალება უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტად სრულფასოვნად იმუშაონ.

განსხვავებული სურათი გვაქვს საქართველოში, სადაც ყველანაირი სავალდებულო ტრენინგისა თუ კვალიფიკაციის გარეშე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს უძრავი ქონების აგენტი, ამას კი უამრავ პრობლემურ შემთხვევამდე და არაპროფესიონალურ გარემოებებამდე მივყავართ.
მაგალითად, ბევრი აგენტი არ ფლობს სრულ ინფორმაციას ქონებაზე, რომელსაც ყიდის; ხშირ შემთხვევაში ნამყოფიც კი არ არის ლოკაციაზე. ხშირია მესაკუთრეებისა და მყიდველებისგან ფარულად დამატებითი თანხების აღება გარიგებაში მონაწილე ორივე მხარისაგან. ასეთი მაგალითი უამრავია, რაც უძრავი ქონების სფეროში სათანადო განათლების არარსებობით არის გამოწვეული.

პრობლემის მოგვარების მიზნით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ (GNARE-მ) უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო. ამისთვის GNARE ევროპელ კოლეგებთან ერთად 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა. ორგანიზაციამ დახურული სატესტო ვერსია ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ჩაატარა, 15 ნოემბერს კი ატესტაციის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

სწავლებას მხარს უჭერს ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია (CEPI), რომელიც კურსდამთავრებულებს, თავის მხრივ, მისცემს ევროპულ ატესტირებას და რომლის რეკომენდაციებზე დაყრდნობითაც შეიქმნა კურსის პროგრამა და სილაბუსი.

კურსი 5-კვირიანია და შედგება 11 საკითხისა და ერთი გამოცდისგან.

5 კვირის განმავლობაში, კურსის მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს::

  1. უძრავი ქონების აგენტის ეთიკის კოდექსი;
  2. უძრავი ქონების ტიპები და მათი მახასიათებლები;
  3. უძრავი ქონების აგენტის ნიშა;
  4. უძრავი ქონების აგენტის მომსახურების მარკეტინგი;
  5. ექსკლუზიური ხელშეკრულებები და მათი სწორი პრეზენტაცია;
  6. იურიდიული საკითხები უძრავ ქონებაში;
  7. საგადასახადო საკითხები უძრავ ქონებაში;
  8. ტრანზაქციის პროცესი უძრავ ქონებაში;
  9. უძრავი ქონების აგენტის ბიზნესის მენეჯმენტი;
  10. უძრავი ქონების შეფასება;
  11. უძრავი ქონების საბანკო საკითხები.

მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ ატესტაციის მიღებას, რის შედეგადაც მათ მიენიჭებათ უნიკალური კოდი, რათა ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს გადამოწმება ნამდვილად ფლობს თუ არა მისი აგენტი იმ საბაზისო აუცილებელ ცოდნას, რაც ამ სფეროს ნებისმიერ პროფესიონალს მოეთხოვება.

კურსის ტრენერები არიან: უძრავი ქონების სფეროს, საბანკო სფეროს, იურიდიული, საგადასახადო და საშემფასებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

ატესტაციის პროცესი ლიცენზირების წინაპირობაა, რაზეც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად მუშაობს.

„ეს არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაც საბოლოოდ ქმნის იმ პროფესიას და პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენ, ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხვალ მაღალი მომსახურების ხარისხით და კომპეტენციით დაგვეხმარებიან იმ ქონების მოძიებაში, ან სწორად გაყიდვაში, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის ასეთი მნიშვნელოვანია - საცხოვრებელი სახლი, სამუშაო სივრცე, მიწის ნაკვეთი და სხვა“,- აცხადებენ ასოციაციაში.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები