მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში პირველი ინტელექტუალური ჰაბი შეიქმნა - GPN.GE ბიზნესს სპეციალისტების მოძიებაში ეხმარება

58edd4a76ecd1
სალომე მეცხვარიშვილი
12.04.17 17:20
2744
საქართველოში პირველი ინტელექტუალური ჰაბი შეიქმნა. ვახტანგ მაჭავარიანმა და მისმა პარტნიორებმა ბიზნესისთვის ახალი ტიპის საკონსულტაციო კომპანია და საიტი GPN.GE შექმნეს. კომპანია "ჯი პი ენ" (GPN - Global Professional Network) სხვადასხვა მიმართულების მრავალ სპეციალისტს აერთიანებს. როგორ მუშაობს ახალი პლატფორმა და რა უპირატესობა აქვს მას "საქმის კურსს" ახალი კომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ მაჭავარიანი ესაუბრა.

-როგორია კომპანიის კონცეფცია, როგორ მუშაობს ის და ვის სთავაზობს მომსახურებას?

- საკონსულტაციო კომპანიების სიმცირეს არ უჩივის ქართული ბაზარი, თუმცა, ასეთი კონცეფციით მომუშავე საკონსულტაციო კომპანია პირველია ქართულ ბაზარზე და მას ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ფაქტობრივად ინტელექტუალური ჰაბის ახალი კონცეფცია. კომპანიამ ერთ პროფესიონალურ ქსელში გააერთიანა სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციაში მომუშავე საუკეთესო ექსპერტები. ჩვენ გვყავს არა რამდენიმე დაქირავებული ექსპერტი, როგორც ეს საკონსულტაციო კომპანიებშია, არამედ გვაქვს ექსპერტთა დიდი, განახლებადი ბაზა. ექსპერტებთან ვაფორმებთ ონლაინ მემორანდუმს და ისინი ხვდებიან ჩვენს ბაზაში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მათი ვიწრო სპეციალიზაციის შესახებ შეგვყვავს ინფორმაცია ბაზაში. მაგალითად, ვწერთ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არის არა ზოგადად სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, არამედ მისი ვიწრო სპეციალიზაციაა, ყველაზე კვალიფიციურია, ვთქვათ, სამემკვიდრეო სამართალში. როდესაც სხვა კომპანიაში მიდის კლიენტი, რომელსაც სჭირდება, მაგალითისთვის, ჯანდაცვის სფეროში იურიდიული კონსულტაცია, საკონსულტაციო კომპანიას ჰყავს სულ 4-5 ზოგადი სპეციალისტი, თუმცა ვერ ეყოლება ყველა სფეროში სიღრმისეულად ჩახედული, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე ექსპერტები.ჩვეულებრივი საკონსულტაციო კომპანია მოტივირებულია, რომ ასეთ შემთხვევაში კლიენტს თავისი იურისტი შესთავაზოს, თუმცა, ეს იურისტი, რაც უნდა კარგი პროფესიონალი იყოს, 2-3 კვირაში ვერ შეისწავლის დეტალურად ჯანდაცვის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს და ამ სფეროს ყველა ნიუანსს. ჩვენს კომპანიას კი ამ მიმართულებით დიდი ბაზა და არჩევანი აქვს, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ კარგი იურისტი, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში მუშაობის 5-10-წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი უპირატესობაც ესაა - კლიენტს ვთავაზობთ ზუსტად მის მოთხოვნაზე ორიენტირებულ კადრს. ჩვენი კომპანია სწორედ ვიწრო სპეციალიზაციის, მის კონკრეტულ მოთხოვნაზე მაქსიმალურად მორგებულ ექსპერტებს სთავაზობს მომხმარებელს. ახალი კონცეფცია გვაძლევს მეტ მოქნილობას. ჩვენი მუშაობა დამოკიდებულია არა რამოდენიმე ჩვენს თანამშრომელზე, არამედ გვაქვს საუკეთესო პროფესიონალთა დიდი ქსელი და გვაქვს დიდი არჩევანი კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე მისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა შევარჩიოთ.

ჩვენი მომსახურების სფერო არის საკმაოდ მრავალმხრივი. ჩვენ ვთავაზობთ სპეციალისტებს იურიდიული, ფინანსური, IT, მარკეტინგული,HR და სხვა მიმართულებებით. ასევე გვაქვს საფინანსო სექტორისთვის საინტერესო ისეთი სპეციფიკური მომსახურების სახეები, როგორიცაა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო (AML/CFT) სისტემების შეფასებასთან/დანერგვასთან დაკავშირებული კონსულტაცია/მომსახურება და ე.წ. FATCA სისტემის შეფასებასთან/დანერგვასთან დაკავშირებული კონსულტაცია/მომსახურება.

თითოეულ სფეროში გვყავს არაერთი ექსპერტი იმისთვის, რომ თუ ერთს არ სცალია, მეორე იყოს რეზერვში. ან თუნდაც, რამოდენიმე ექსპერტის შეთავაზების შემთხვევაში, არჩევანი ჰქონდეს კლიენტს, რომელს მიანდოს თავისი პრობლემის გადაწყვეტა.

არის ბევრი სხვა პლუსიც - ჩვეულებრივ, საკონსულტაციო კომპანიაში ჰონორარი ნაწილდება სხვადასხვა ხარჯზე, მათ შორის ძვირადღირებული ოფისის შენახვაზე, ტექნიკურ სტაფზე, ტექნიკაზე და ა.შ. აქ ეს ნაკლებად არის, ამიტომ ფასიც კონკურენტულია.

ამასთან, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, პროექტების მენეჯმენტიც გავაკეთოთ. თუ მაგალითად, ახალი კომპანია შემოდის საქართველოში ან არსებული ბიზნესი ახალ მიმართულებას იწყებს და ეძებენ თანამშრომლებს, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ კადრების მოძიებაში და ვუზრუნველყოთ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების კოორდინირება.

- სააგენტოს შექმნის იდეა საიდან წამოვიდა? ბიზნესმენები ხშრად ჩივიან, რომ ბაზარზე კვალიფიციული კადრების ნაკლებობაა, პრემიერმინისტრმაც გააკეთა აქცენტი ამ საკითხზე. ხომ არ იყო ეს ინსპირაცია იმისთვის, რომ შეგეკრიბათ კვალიფიციური კადრები ერთ სივრცეში?

- მთელი ცხოვრება ნორმალურ, სტაბილურ სამსახურში მიწევს მუშაობა. ამჟამად ვარ სს "ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას" ვიცე-პრეზიდენტი. სულ მინდოდა, საკონსულტაციო ბიზნესის გაკეთება, თუმცა, აქამდე ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ამასთან, ვხედავდი არსებული საკონსულტაციო კომპანიების მუშაობის პრინციპის ნაკლოვანებებს. ხშირად მოდიოდნენ ჩემთან საკონსულტაციოდ და ვამისამართებდი ჩემს ნაცნობ ექსპერტებთან. ნელ-ნელა მოვიდა იდეა, რომ სისტემური სახე მიმეცა ამისთვის. დავიწყე ჩემს პარტნიორებთან ერთად კვალიფიციური კადრების მოძიება, ზოგს მე ვიცნობდი, ზოგს ჩემი პარტნიორები და დავიწყეთ პროფესიონალთა მონაცემთა ბაზების ჩამოყალიბება.

- როგორია თქვენი ურთიერთობა ექსპერტებთან? აქ რა სქემით მუშაობთ?

- ჩვენი უპირატესობა არის ისიც, რომ გვაქვს განუსაზღვრელი რაოდენობის ექსპერტების ჩვენს ქსელში გაერთიანების საშუალება. GPN-ის ბაზაში დარეგისტრირებულ სპეციალისტებს ყოველთვიურად ფულს არ ვუხდით. ამის ვალდებულება არ გვაქვს, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ საკონსულტაციო კომპანიაში. არ გვაქვს ვალდებულება მათ წინაშე რომ ვუზრუნველყოფთ კლიენტებით. ჩვენ მათთნ ვაფორმებთ მემორანდუმს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მივმართოთ მათ სხვადასხვა შემთხვევაში. ისინი პარალელურად დასაქმებული არიან სხვა კომპანიებში და ორგანიზაციებში.

თუ მოვიდა ჩემთან კლიენტი, რომელსაც სურს, კონკრეტული პრობლემა გადაუწყვიტოთ, მე ექსპერტს ვთავაზობ ამ საქმეს, თუმცა, ექსპერტს არ აქვს ვალდებულება, რომ აუცილებლად დამთანხმდეს. მაშინ მივდივარ მის მსგავს სხვა ექსპერტთან. თუ ეს ექსპერტი დათანხმდება, ერთობლივად ვაყალიბებთ შეთავაზებას კლიენტისთვის - რა ფასად და რა ვადაში მოხდება შეკვეთის შესრულება და ა.შ. ჩვენ ერთი მიმართულებით რამდენიმე ექსპერტი, ზოგიერთ შმთხვევაში ათეულობით კარგი სპეციალისტი გვყავს.

- რა არის კომპანიის კომერციული დაინტერესება ამ შემთხვევაში?

- მარჟა. ჩვეულებრივ საკონსულტაციო კომპანიაშიც რომ მიდიხართ, თქვენს მიერ გადახდილი ჰონორარი ნაწილდება შემსრულებლის გარდა მთელ იერარქიაზე (დირექტორები, დამფუძნებლები, უშუალო შემსრულებლები, ტექნიკური სტაფი და ა.შ.). ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენი მარჟა გვაქვს ჩადებული ჩვენს მომსახურებაში, თუმცა, ეს არის მინიმალური.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კომპანია არ არის უბრალოდ შუამავალი ექსპერტსა და კლიენტს შორის. ჩვენ არ ვმუშაობთ HR კომპანიის პრინციპით. კლიენტთან ხელშეკრულებას დებს და სრულ პასუხისმგებლობას იღებს GPN. ექსპერტი იქნება ქვეკონტრაქტორი.

- როდის ამუშავდა ვებ-გვერდი და ამ ეტაპზე რამდენ სპეციალისტს აერთიანებთ?

- გასული წლის შემოდგომაზე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. მანამდე იდეა მუშავდებოდა. შემდეგ კონკრეტული დრო დაიხარჯა საიტის მომზადებაში, ბაზების შევსებაში, განახლება-დახვეწაში. რეალურად, გასული წლის ბოლოს პირველ კლიენტებს უკვე მოვემასხურეთ.

დაახლოებით 200-ზე მეტ სპეციალისტს ვაერთიანებთ ამ ეტაპზე. ყველა სპეციალისტზე მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვება მის სამუშაო გამოცდილებაზე. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ექსპერტთა სია საჯარო არაა.

ექსპერტს მემორანდუმის შევსებას და ჩვენს ბაზაში გაწევრიანებას ვთავაზობთ, თუ პირადად ვიცნობთ და გვქონია შეხება და დარწმუნებული ვართ მის კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებაში ან თუ ძალიან სანდო ადამიანი უწევს მას რეკომენდაციას. ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ ექსპერტთა დიდი და კარგად სისტემატიზირებული ბაზა. ამ ბაზის შევსება, დახვეწა და სრულყოფა მუდმივი პროცესია.

- მოთხოვნა რამდენად ფიქსირდება და ძირითადად ვინ სარგებლობს თქვენი მომსახურებით ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები?

-"უცხოელებსაც მოვემსახურეთ და ადგილობრივ ბიზნესსაც. მიუხედავად იმისა რომ ჯერ ახალი კომპანიაა და არც აქტიური პიარი დაგვიწყია, კლიენტურა უკვე არის და რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. ვფიქრობთ, ამ ახალ კონცეფციას აქვს ისეთი უპირატესობები, რომ მომხმარებლის დაინტერესება არ იქნება პრობლემა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები