საქართველოში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა თბილისში, ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონზე განთავსდება.
თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი ჯამურად 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს გამოყოფენ. სესხის თანხა ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება, რომელიც დახარისხების ობიექტის და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას მოიცავს. პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით განახორციელებს.
კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პროექტის განმახორციელებელი საერთაშორისო ტენდერის გზით შეირჩევა, პროექტის დასრულება კი 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
„ეს იქნება პირველი საწარმო, როგორც დედაქალაქისთვის, ისე ქვეყნის მასშტაბით. ქარხანა განთავსდება ლილოს ნაგავსაყრელ პოლიგონზე, სადაც დღეს ნარჩენი თავსდება. სასესხო ხელშეკრულების შემდეგ, EBRD-ის წესების მიხედვით გამოცხადდება ტენდერი კონსულტანტის შესარჩევად, რომელიც სატენდერო პირობებს მოამზადებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში, ამ დროს უკვე მშენებლობა დაიწყოს, 2025 წლის ბოლოსთვის კი დასრულდეს და შევიდეს ექსპლუატაციაში.
დედაქალაქში დაახლოებით წლის განმავლობაში 0,5 მილიონი ტონა ნარჩენია, აქედან დაახლოებით 35% არის ის ნარჩენი, რომელიც შეიძლება მეორადად გამოვიყენოთ. ეს არის შუშა, პლასტიკი, მუყაო, პოლიეთილენი და სხვა. სამიზნე მაჩვენებელიც ეს არის ამ ეტაპზე, რომ ნარჩენი, რომელიც მეორადია ამოღებულ იქნეს და არ იყოს განადგურებული“,- აცხადებს ფაჩულია.
მისი განმარტებით, საქართველოსთვის შერჩეულია ორკონტეინერიანი სეპარაციის სისტემა. ერთი სველი, მეორე კი მშრალი ნარჩენისთვის იქნება გათვლილი. ნაჩენების მართვის მიმართულებით დაგეგმილი ყველა პროექტის დასრულება კი დედაქალაქში 2025 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.
„საქართველოსთვის შერჩეულ იქნა ორკონტეინერიანი სეპარაციის სისტემა. ერთში მოხვდება სველი ნარჩენი, მეორეში ყველა მშრალი რეციკლირებადი ნარჩენი. თხოვნაც იქნება, ვალდებულებაც, რომ ოჯახებმა თუ ბიზნესებმა მყარი და სველი ნარჩენი განაცალკეონ. შემდგომ ეს კონტეინერი ავა პოლიგონზე და დახარისხდება. სორტირების ხაზი რომ წამოიდგინოთ, ყველა ფრაქცია იქნება დახარისხებული: შუშა ცალკე, პლასტიკი ცალკე, მუყაო ცალკე. ამის შემდეგ მოხდება შეფასება და მისი რეალიზაცია“,- აცხადებს ფაჩულია.
მისი თქმით, ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს გამართვის შემდეგ დაგეგმილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მასშტაბური კამპანიის წარმოება.