მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პოლიტიკური გაურკვევლობა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება - Fitch-ის მიმოხილვა

ratings

საკრედიტო სააგენტო Fitch-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და გაურკვევლობა.

ორგანიზაციის შეფასებით, გაზრდილი პოლიტიკური რისკი და მისი გავლენა მთავრობასა და საგარეო დაფინანსების წყაროებზე, უკვე აისახა მათ ივნისის შეფასებაში, როცა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურით" შეიცვალა.

2024 წელს კი, ორგანიზაცია ეკონომიკის 7%-იან ზრდას ელის. კერძოდ, Fitch წერს, რომ წინასწარი შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა, რაც გამოიწვია მომსახურებისა და სამშენებლო სექტორის მაღალმა ზრდამ, რის გამოც ორგანიზაცია წელს საქართველოს ეკონომიკის 7%-იან ზრდას მოელის.

Fitch-ის შეფასებით, პოლიტიკური გაურკვევლობა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება, რაც დროთა განმავლობაში გააუარესებს ინსიტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხს.

Fitch-ის თანახმად, პოლიტიკური გაურკვევლობა გაგრძელდება, რამაც შესაძლოა, შეაფერხოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხი. ამ უკანასკნელის გამო, 2023 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააჩერა 280 მლნ დოლარის ღირებულების პროგრამა [Stand-By პროგრამა].

"ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულმა რისკებმა შესაძლოა შეარყიოს პოლიტიკის სანდოობა, დაასუსტოს საქართველოს პატარა, ღია ეკონომიკის შესაძლებლობები დოლარიზაციის მაღალი დონის გათვალისწინებით ეფექტურად უპასუხოს გარე შოკებს", - წერია ანგარიშში.

Fitch ასევე ამბობს, რომ სანქციების აღსრულების საკითხზე ეროვნული ბანკის {პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას} ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება ასევე ზრდის რისკებს საქართველოს ბანკებისთვის.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, Fitch-ის ანგარიშში წერია, რომ ეროვნული ბანკის მიერ არჩევნების კვირაში გაყიდული 100 მლნ დოლარი ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ იყო მიმართული. ორგანიზაცია ლარის სისუსტეს მთავარ რისკად ასახელებს საგარეო ვალის მომსახურების ნაწილში, რადგან მთავრობის ვალის 71% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ადეკვატურობის დონეს ქვემოთაა.

რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს, ორგანიზაცია ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაში წინსვლას არ ელის, ხოლო ნატოში ინტეგრაციის საკითხზე ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესი არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები