მულტიბრენდულმა ლაქშერი ბუტიკმა და ონლაინ მაღაზია Boygar's-მა 2024 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 19 მილიონ ლარს აღემატებოდა.
თბილისში, რუსთაველის 15-ში მდებარე ისტორიულ შენობაში ლაქშერი მულტიბრენდული მაღაზია 2024 წლის თებერვალში გაიხსნა. კომპანია არის Saint Laurent-ის; Valentino-ს; Loewe-ს; Prada-ს; Gucci-ს; Bottega Veneta-ს, Tom Ford-ისა და სხვა მაღალი საფასო სეგმენტის ბრენდების ოფიციალური რესელერი.
Boygar's-ის დამფუძნებლები არიან ავსაჯანიშვილების ოჯახის წარმომადგენლები - ბოიგარ (ბორის); ხათულია და თიმურ ავსაჯანიშვილები, რომლებიც მაღალი კლასის მულტიბრენდულ მაღაზიას რუსეთის ფედერაციაში ფლობენ. საუბარია კომპანია Babochka-ზე, რომელიც სანკ-პეტერბურგში მდებარე მაღალი კლასის ფიზიკურ მაღაზიებს და ონლაინ-მაღაზიას აერთიანებს.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის დირექტორია სვეტლანა ავსაჯანიშვილი, რომელიც საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. ამასთანავე, კომპანიის გაყიდვების დირექტორის პოსტს იკავებს მატეუ ემილე პიერრე დუმონტეტი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, ოპერირების პირველივე წელს კომპანია მოგებაზე ვერ გავიდა, რაც ძირითადად მარაგების შესყიდვას და სხვა საოპერაციო ხარჯებს უკავშირდებოდა. კომპანიის ზარალი 1.2 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას, ის 10.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
სულ კომპანიის აქტივები 27 მილიონ ლარს შეადგენს.
კომპანიის ამონაწერის თანახმად, ბოიგარს შემოსავლების სამსახურის მხრიდან საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო გირავნობა ადევს.

























