ყვავილების მაღაზია Mao Flowers კადრებს ეძებს. კომპანიის დამფუძნებელმა მაკუნა გაბუნიამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ პროფესიონალ ფლორისტს ოთხი თვეა უშედეგოდ ეძებენ.
„ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ თავად ვასწავლოთ და გადავამზადოთ, რადგან ეს ბაზარი ამას მოითხოვს“, - ამბობს ის.
დამფუძნებლის თქმით, Mao Flowers პირველი ყვავილების მაღაზია იყო, რომელმაც ქართველ მომხმარებელს თაიგული სასაჩუქრე ყუთებში შესთავაზა.
„თბილისში ჩვენამდე ყუთებში ყვავილების შეფუთვის პრაქტიკა არ არსებობდა. ახლა უკვე ბევრი მაღაზია აკეთებს ასე. ჩვენი პირველი პროდუქტი - შავ ყუთში მოთავსებული წითელი ვარდები - დღემდე ყველაზე გაყიდვადია“, - განაცხადა მაკუნა გაბუნიამ გადაცემაში „ქალების ნარატივი“.
რაც შეეხება ბრენდის შექმნის ისტორიას, მისმა დამფუძნებლებმა ბიზნესსაქმიანობა 500-ლარიანი ინვესტიციით დაიწყეს, დღეს კი მაღაზია ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს და კორპორატიულ შეკვეთებსაც ხშირად იღებს. მისი თქმით, Mao Flowers-მა არსებობა თბილისის ერთ პატარა ოთახში დაიწყო, დღეს კი ალ.ყაზბეგის #20ა-ში საკმაოდ დიდი მაღაზიითაა წარმოდგენილი.
„ჩვენი მთავარი ნიშა პირველობა და მომხმარებელთან ურთიერთობაა. შედეგად, ერთგული მომხმარებლის უდიდესი არმია გვყავს.
ყოველთვის მინდოდა რაღაც ახალი გამეკეთებინა. ჩემს უახლოეს მეგობარს გავუზიარე იდეა, ისიც ამყვა და დავიწყეთ ამ საქმისთვის ერთად შრომა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხოლმე, ჩემი ასაკის გოგონებს გავუზიარო ეს გამოცდილება და ვუთხრა: „შრომით ყველაფერი მიღწევადია“. თბილისში ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ და დავიწყეთ ამ ყველაფრის საკუთარი ხელით შენება, ძალიან მცირე ბიუჯეტით და დიდი მონდომებით. ერთად ვათენებდით, ვაღამებდით, შეკვეთებსაც ჩვენ ვაკეთებდით, კურიერებიც ჩვენ ვიყავით“, - იხსენებს ბიზნესში პირველ ნაბიჯებს მაკუნა გაბუნია.