"საქართველოში ქალები ვერ ახერხებენ, მამაკაცებს თანაბრად აუწყონ ფეხი ეკონომიკურად"
BM.GE
12.03.19 21:00
• 797
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, საქართველოს საფონდო ბირჟამ და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ დღეს თბილისში უმასპინძლეს ღონისძიებას - "დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის". ღონისძიება გენდერული კვირეულის ფარგლებში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა. ღონისძიება მხარს უჭერს ქალთა მონაწილეობის გაზრდას გლობალურ ეკონომიკაში და კომპანიებში უფრო მეტად ინკლუზიურ და გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნას.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი და გრძელი გზა გაიარა გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, აღნიშნულმა ღონისძიებებმა საერთაშორისო რეიტინგებში საერთო პროგრესი ვერ აჩვენა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული უთანასწორობის 2018 წლის ანგარიშში საქართველომ 85-ე ადგილი დაიკავა 149 ქვეყანას შორის თანაბარი შესაძლებლობების და ეკონომიკური მონაწილეობის მიხედვით.
"საქართველოში ქალები ვერ ახერხებენ მამაკაცებს თანაბრად აუწყონ ფეხი ეკონომიკურად. გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ კერძო სექტორის ჩართულობაც. იმედისმომცემია ის, რომ უფრო მეტი ბიზნეს კომპანია ახორციელებს ღონისძიებებს ქალების გაძლიერებისთვის", – აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში თამარ საბედაშვილმა.
ქალების, როგორც მეწარმეების, დასაქმებული პირების და ბიზნეს ლიდერების მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.
"კვლევამ გამოავლინა, რომ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა მნიშვნელოვან ეკონომიკურ გაუმჯობესებას იწვევს. თბილისში გამართული დღევანდელი ღონისძიება ჩვენი ერთობლივი მონდომების ნათელი გამოვლინებაა, რომლის მიზანია გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და ცვლილებების სტიმულირება", – აღნიშნა მან.
ღონისძიებას საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილიც ესწრებოდა.
"კომპანიასა და ინვესტორს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას საფონდო ბირჟას უნიკალური მდგომარეობა გააჩნია, რათა ზეგავლენა მოახდინოს კაპიტალის ბაზრებზე, გენდერული განსხვავებების აღმოფხვრის მიზნით. ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგების მისაღწევად", – განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.
"დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის" გლობალური ინიციატივაა რომელიც ყოველწლიურად იმართება იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნეს სექტორში გენდერულ თანასწორობას. გლობალურ ინიციატივას მხარს უჭერენ ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), საფონდო ბირჟების მდგრადი ინიციატივა (SSE), გაეროს გლობალური კომპაქტი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ორგანიზაცია "ქალები საბირჟო საინვესტიციო ფონდებში" (Women in ETF) და საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაცია.