ღვინო და გასტრონომია, ბუნება და სათავგადასავლო ტურიზმი, კულტურა და ხელოვნება, გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმი, საქორწინო ტურიზმი - ეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2024 წლის საკომუნიკაციო სტრატეგიაა, რომლითაც უწყება ქვეყანაში სხვადასხვა სტრატეგიული ბაზრებიდან ჩვენს ქვეყანაში დამსვენებლის მოზიდვას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დარგისთვის წარდგენილ ტურიზმის მიმოხილვასა და გეგმებშია გაწერილი.
BMG ბიზნეს ოპერატორებს ამჯერად ქვეყანაში საქორწინო ტურიზმის პოტენციალსა და გამოწვევებზე ესაუბრა და როგორც ივენთების ორგანიზატორი კომპანიის Click Holding-ის დამფუძნებელი მაკა ყუბუსიძე აცხადებს, მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებისგან, თუმცა ამ ჭრილში ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გასაუმჯობესებელი.
"საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ტურისტებისთვის საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა, თანაც არამხოლოდ ტურისტული ლოკაციების გამო, მათთვის ქართული გასტრონომიაც ძალიან მომხიბვლელია.
უმეტესად პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები გვსტუმრობენ, თუმცა არიან ევროპელებიც და დუბაის მოქალაქეებიც.
მაგრამ, თუ კი ტურიზმის ამ ჭრილის განვითარება გვინდა, აუცილებელია, რომ მეტი საღონისძიებო სივრცე შეიქმნას. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით დეფიციტია, შესაბამისად, სრულყოფილ სერვისს ვერ ვქმნით.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტი პირდაპირი ფრენის დამატებაც, რომელიც ძალიან გაუადვილებს ადამიანებს გადაადგილებას, მოგეხსენებათ, ქორწილი არ არის მხოლოდ წყვილისთვის, მათ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოყვებათ სამოგზაუროდ, ამიტომ პირდაპირ ფრენებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება", - აცხადებს მაკა ყუბუსიძე.
რაც შეეხება ტურისტების მხრიდან საქორწინო მოთხოვნებს. Click Holding-ის დამფუძნებლის თქმით, ქორწილი იმის მიხედვით ორგანიზდება თუ რომელი აღმსარებლობისა და ტრადიციების მქოენა წყვილი.