პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ქარტიას" პარტიის ლიდერმა ხელი ორი დათქმით მოაწერა. მისი განმარტებით, პარტიაში არ ფიქრობენ რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება დადგება იმ შემთხვევაში, თუ, ევროკავშირის 9 დათქმასთან ერთად, პრეზიდენტის მიერ შემუშავებული "ქართული ქარტიის" რეფორმები შესრულდება - ამის შესახებ ლილუაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
"ძალიან კონკრეტული გზავნილები გვქონდა ქარტიასთან დაკავშირებით, როდესაც ხელი მოვაწერეთ. ჯერ ერთი, დასაწყისში გვქონდა მკაფიო პოზიცია, გვქონდა მოლოდინი, რომ იქ ცვლილებები შევიდოდა, მაგრამ არ შევიდა. ამიტომ, ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე წავედით და მოვაწერეთ ხელი. ეს დათქმა იყო შემდეგი: 1. ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ ეს არის ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანის შესრულების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და მხოლოდ ამიტომ ვთანხმდებოდით (ეს მთავარი მიზანია, რომ ისე დავასრულოთ "ქართული ოცნება" რომ "ნაცების" გავლენა მომდევნო მთავრობაში არ არსებობდეს და ტექნიკური მთავრობა ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია); 2. თუკი ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც მოცემულია, თუკი ვამარცხებთ "ოცნებას" მომდევნო ხელისუფლებაში ნაც.მოძრაობის გავლენის გარეშე, ტარდება რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოს, ცესკოს დამოუკიდებლობას და ა.შ. რიგგარეშე არჩევნები რისთვის გვჭირდება, ან კონსტიტუციის მიღმა არსებული რიგგარეშე არჩევნები რა საჭიროა?
ვინ მიიღებს სარგებელს ქარტიაში გაწერილი რიგგარეშე არჩევნებით? ისევ "ქართული ოცნება", რომელიც იქნება რევანშის აღების მოტივით ერთ წელიწადში. ამიტომ ვთვლით, რომ ტექნიკური მთავრობა შესაძლოა რეფორმების ინიცირებისთვის იყოს ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ მთავარი პოლიტიკური პროცესების ველი იქნება საქართველოს პარლამენტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარლამენტიდან მოხდეს ამ პროცესების ინიციირება", - განაცხადა ლილუაშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, რა რეაქციაა მოსალოდნელი დასავლეთისგან იმ შემთხვევაში, თუ "ქართულ ქარტიაში" ცვლილებები შევა, ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის მთავარი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებაა და არ ქვეყნის შიდა პოლიტიკა.
"მოდით შევჯერდეთ ყველა პოლიტიკური აქტორი, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს გაკერპების ეპოქა - იყო სააკაშვილი გაკერპებული, ივანიშვილი გაკერპებული, და ახლა რაღაც დოკუმენტამდე ნუ დავიყვანთ ამას.
დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების ნება აღსრულდეს და საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული პროდასავლური განვითარების ტრაექტორია. "ქართული ოცნების" ნარატივებს ნუ გავაძლიერებთ, ეს ამოცანა შევასრულოთ და იქ ქარტიაში მოდიფიცირება თუ მოხდება, არაა მნიშვნელოვანი", - ამბობს ლილუაშვილი.
23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ "ქართულ ქარტიას”, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვით ადრე, 26 მაისს წარადგინა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კი ხელი 3 ივნისს მოაწერეს.
"ქართულ ქარტიაში" ის რეფორმებია გაწერილი, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი 9 დათქმის შესრულებისთვის უნდა გაატაროს.