მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რიცხვი იზრდება, მაჩვენებელი სავარაუდოდ 2019 წელს გაუტოლდება - „სტრადა“

619668ef1f610
ინგა მურუსიძე
19.11.21 00:14
815
მეორადი ავტომობილების შემომყვანი კომპანიების ნაწილმა, პანდემიის მიერ შექმნილ კრიზისს ვერ გაუძლო და ბაზრიდან გავიდა. “საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფში ავტომობილები მეორე პოზიციაზე იყო. კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 338.2 მლნ დოლარი შეადგინა.

„სტრადა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან ასანიშვილი „საქმის კურსის“ ეთერში აცხადებს, რომ ავტობიზნესს ბევრი პრობლემა აქვს.

„2020 წელს, პანდემიის დასაწყისში, ძალიან ბევრ კომპანიას მოუხდა მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება. დიდი ზომის კომპანიებმა, რომლებსაც ახალი ავტომობილები შემოჰყავდათ, გაუძლეს და შემოიფარგლნენ მხოლოდ ხელფასების შემცირებით, ან თანამშრომლების რაოდენობის შემცირებით. რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, სწორედ პანდემიის პერიოდში, ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა და მეორადებზე გაიზარდა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუქციონები ჩაიკეტა და იმპორტიორებს ავტომობილები ვეღარ შემოჰყავდათ. ფინანსურად სწორედ მცირე კომპანიებს დაარტყა კრიზისმა“, - განაცხადა ასანიშვილმა.

რაც შეეხება 2020 წლის გაყიდვების მაჩვენებლებს, როგორც „სტრადას“ გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, ვითარება არასტაბილური იყო, რადგან კომპანიები ადაპტაციას გადიოდნენ, ხოლო 2021-ში ვითარებამ დასტაბილურება დაიწყო.

„სტატისტიკურად, 2021 წელს შევადარებდი 2019 წელს. რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვი ნამდვილად იზრდება. მიმდინარე წელს ნიშნული უნდა გაუტოლდეს 2019 წელს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი მოთხოვნების ფონზე, როცა მიკროჩიპების მიწოდების პრობლემა გლობალურად გაჩნდა და მწარმოებლებს გაუძვირდათ გარკვეული მასალები, ამან ავტომობილების წარმოების ციკლის შენელება გამოიწვია, რის გამოც ავტომობილების დეფიციტი შეიქმნა “, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, ვართ თუ არა საინტერესო ბაზარი „ჯიპისთვის“ და სხვა ბრენდებისთვის, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ „დავრჩით და ამაზე მეტყველებს ის, რომ კომპანია „სტრადა“ მუდმივად ახალ მოდელებს სთავაზობს მომხმარებლებს. ქართველი მომხმარებელი გამოირჩევა არაპროგნოზირებადობით. პრობლემები ხშირად ყოფილა, ამიტომ ქართველი მომხმარებელი პრობლემებს მიჩვეულია და ქცევაც გამომუშავებული აქვს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები