მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმა დაინერგა - სებ

6386feeeedba5
BM.GE
30.11.22 10:53
616

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლუმბერგის ახალ, გაუმჯობესებულ რეპო პლატფორმაზე გადავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ორგანიზაციის თანახმად, ამ ფაქტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს ბლუმბერგის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა. 

გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი ბანკებთან ერთად ინოვაციური პლატფორმების დანერგვას გააგრძელებს. 

"ეროვნული ბანკი მოხარულია, რომ გლობალურად საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც განხორციელდა კომპანია ბლუმბერგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმის დანერგვა. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა იმავდროულად ფინანსური ბაზრის მონაწილეების ფინანსური განათლების დონის გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც მთლიანობაში ბაზრის კიდევ უკეთ გამართული მუშაობის წინაპირობაა. საბოლოოდ კი, საზოგადოება იღებს მუდმივ განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებულ, თანამედროვე სისტემებით და ინსტრუმენტებით აღჭურვილ ფინანსურ სისტემას. საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკებთან თანამშრომლობით, მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ფინანსურ ბაზარზე სიახლეებისა და ინოვაციების აქტიურად დანერგვის მიმართულებით",  - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

"ბლუმბერგის E-bond პლატფორმის საშუალებით ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ რეპო ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელონ. E-bond პლატფორმა ბაზარს უზრუნველყოფს რეპო გარიგებების დადებისათვის ყველა აუცილებელი მექანიზმით, ფასების კოტირებით, ანალიტიკური მონაცემებით. აღსანიშნავია, რომ e-bond პლატფორმა დაცული ინტერფეისის საშუალებით ინტეგრირებულია ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ადგილობრივ GSSS (Georgian Securities and Settlement System) სისტემასთან, რომლის მეშვეობით დადებული გარიგებების სწრაფი და უსაფრთხო ანგარიშსწორება ხორციელდება.

რეპო გარიგებები ამცირებს კონტრაგენტებს შორის საკრედიტო რისკებს, ვინაიდან ნასესხები თანხის არდაბრუნების შემთხვევაში, რეპოს მონაწილეს რჩება ფასიანი ქაღალდი, რომლის გაყიდვითაც მას შეუძლია თავიდან აირიდოს ფინანსური ზარალი. ასევე, რეპო ბაზარი ხელს უწყობს მეორადი ბაზრის ლიკვიდობას, ვინაიდან ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ შესაძლებელია ფულადი თანხის მობილიზება. შესაბამისად, რეპო ბაზარი ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები