2018 წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან 7 მლნ 867.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების რუსული გაზის შემოვიდა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE–მ საქსტატიდან გამოითხოვა. უწყება იმპორტირებული გაზის მოცულობების შესახებ ინფორმაციას არ გასცემს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ–აპრილის პერიოდში რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ღირებულებამ 6 მლნ 666.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს (2018 წლის იანვარ–აპრილი – 5 მლნ 680.7 ათასი აშშ დოლარი) დაახლოებით 17%–ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის არც 2018 და არც 2019 წლების ბალანსში, რუსეთიდან გაზის იმპორტი არ ფიქსირდება.
საქართველოს მთავრობას თანამშრომლობის რა გეგმები აქვს რუსეთთან ბუნებრივი გაზის იმპორტის საკითხზე, განსაკუთრებით იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ „გაზპრომ–ექსპორტთან“ ქართულმა მხარემ წელს ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, უცნობია. ამ კითხვით BM.GE–მ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებს.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ სტატისტიკას, ის აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტის დატვირთვა ზამთრის თვეებზე მოდის.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან გაზის შესაძენად თანხა სრულად საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დახარჯეს, მათ 1000 კუბური მეტრი გაზი სავარაუდოდ, $185 დაუჯდა, რადგან თავად „გაზპრომ–ექსპორტის“ ინფორმაციით, 1000 მ3 გაზი ქართული კომპანიებისთვის სწორედ $185 ღირს. შესაბამისად, გადაანგარიშება გვაჩვენებს, რომ ამ ერთი წლისა და ოთხი თვის მანძილზე, საქართველოში სავარაუდოდ, 78 მილიონ კუბურ მეტრამდე რუსული გაზის იმპორტი განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ეკონომიკის მინისტრის დაბარებას აპირებდა, თუმცა ეს თარიღი ამ დრომდე არ ჩანიშნული. სავარაუდოდ, ნათია თურნავა პარლამენტს ივნისის პირველ კვირაში ეწვევა.

























