საქართველოში საბანკო რეგულაციები უფრო რბილია, ვიდრე - სხვა ქვეყნებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტა კობა გვენეტაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ძირითადად 1 იანვრიდან ამოქმედებელი საბანკო რეგულაციების შესახებ იმსჯელეს.
“თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ იმ რეგულაციებს, რომელიც საქართველოში ამოქმედდა, ის საკმაოდ რბილია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში, არ ხდება არაოფიციალური შემოსავლების გათვალისწინება, ხოლო ეს რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამას უშვებს. საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა შეიმუშავონ ის წესები, რომლითაც არაოფიციალურ შემოსავლებს განსაზღრავენ”, - აცხადებს კობა გვენეტაძე.
შეგახსენებთ: 1 იანვრიდან ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხი არ გაიცემა.

























