2018 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 135 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის თბილისში - 153 ლარი და სამცხე-ჯავახეთში - 151 ლარი დაფიქსირდა. სექტემბერში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა გურია - 74 ლარი და ქვემო ქართლი - 85 ლარი.
PMCG კვლევის მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით, 5.9%- ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-22.5%) და აჭარაში (-21.5%) შემცირდა. საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა. თბილისში კი სასტუმროს ფასების დონე სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, არ შეცვლილა.