მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში სასუქი 10-15%-ით გაძვირდა - რა გავლენა აქვს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გლობალურ ბაზარზე?

აზოტოვანი სასუქები

ჰომუზის სრუტის ჩაკეტვის გავლენით გლობალურ ბაზარზე სასუქებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, კერძოდ კი ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორია, სასუქების წარმოებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ცენტრია. კონფლიქტის გამო შეფერხებული საზღვაო მიმოსვლა კი მსოფლიო ბაზარზე როგორც დეფიციტს, ისე პროდუქციის მნიშვნელოვან გაძვირებას იწვევს.

გლობალურ ტრენდს მიჰყვება საქართველოც. ქართველი იმპორტიორების ნაწილი ადასტურებს, რომ გაძვირებული ლოგისტიკის გავლენით სასუქი გაძვირდა საქართველოშიც. ფასი გაზრდილია იმ პროდუქტებზე, რომელიც ძირითადად ევროპული ბაზრებიდან შემოდის.

“კომბინირებული და აზოტოვანი სასუქების იმპორტი ძირითადად რუსეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან და თურქეთიდან ხორციელდება. მათ შორის, ჩვენი კომპანიაც აღნიშნული ქვეყნებიდან ახორციელებს სასუქების იმპორტს. ევროპიდანაც იმპორტის საკმაოდ დიდი წილი მოდის, მაგალითად, გრანულირებული სასუქების ტრანსპორტირება ხორციელდება იტალიიდან.

შექმნილ ვითარებაში გართულდა გადაზიდვები, გაძვირდა ენერგორესურსები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიძვირა ის პროდუქცია, რომლის იმპორტსაც ვახდენთ. შესაბამისად, ჩვენისთანა კომპანიები იძულებული ვართ, ეს ყველაფერი ავსახოთ პროდუქციის ღირებულებაში.

პირველადი დათვლებით ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 10-15% წინა შესყიდვებთან მიმართებით, მაგრამ თუ ის სიტუაცია, რაც არის მსოფლიოში, გაგრძელდა, ფასების ზრდა აუცილებლად შენარჩუნდება და შეიძლება ის 25-30%-მდეც ავიდეს”,-აცხადებს BMG-სთან კოკა გახოკიძე, „ბორნსოფქიმიის“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

იმპორტიორების ნაწილი არსებული მარაგების გათვალისწინებით ამ სეზონზე სასუქების მკვეთრ გაძვირებას არ მოელის, თუმცა მომწოდებლებმა უკვე გააფრთხილეს, რომ ახალ შეკვეთებს განსხვავებული ფასით მიაწვდიან.

“ჩვენ ძირითადად სასუქები საქართველოში ევროპული ქვეყნებიდან შემოგვაქვს. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ახლა ევროპაში სასუქები გაძვირებულია 30%-ით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ პროდუქცია წინასწარ გვქონდა შეკვეთილი, დიდი ნაწილი უკვე შემოვიდა, ნაწილი გზაშია. ის შეკვეთები, რაც აქამდე იყო განხორციელებული, მაგაზე ფასები არ გაზრდილა, თუმცა რაზედაც აწი განხორციელდება შეკვეთა, სავარაუდოდ, ფასი მოიმატებს. მომწოდებლებმა გვაცნობეს, რომ ახალი შეკვეთები გაძვირდება.

რასაც ბაზარზე ვუყურებთ, ამ ეტაპზე პროდუქცია მაინცდამაინც გაძვირებული არ არის, შეიძლება უმნიშვნელო იყოს ცვლილება”,-აცხადებს რობერტ რევია, „კარტლისის“ დირექტორი.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ერთი თვით აკრძალა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ გაცემული და გასაცემი საექსპორტო ლიცენზიების მოქმედება 21 აპრილამდე შეჩერებულია. ბიზნესი არ გამორიცხავს ამან ქართულ ბაზარზე გარკვეულწილად პროდუქციის დეფიციტი შექმნას.

ქართულ ბაზარზე ძირითადად სწორედ რუსული წარმოების სასუქები იყიდება. გასულ წელს ქვეყანამ ჯამში $9,6 მლნ-ის ღირებულების 26,100 ათასი ტონა მინერალური და აზოტოვანი სასუქები იყიდა, რომლის თითქმის ნახევარი რუსეთიდან იმპორტს წარმოადგენდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები