მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება"

5784b90444f5b
BM.GE
12.07.16 13:31
1531
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ივნისში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 104,9 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 46,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 58,8 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის ივნისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 31,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 25,0 ათასი ტონა (23,8%), აზერბაიჯანი - 22,1 ათასი ტონა (21,1%), ბულგარეთი - 12 ათასი ტონა (11,4%), თურქმენეთი - 9,1 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი - 4,3 ათასი ტონა (4,1%), უკრაინა - 0,9 ათასი ტონა (0,9%), თურქეთი - 0,5 ათასი ტონა (0,5%) .

მიმდინარე წლის პირველი პირველი 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, მან შეადგინა 519,3 ათასი ტონა, რაც 69,4 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

"საწვავის მოხმარების ზრდაზე გავლენა მოახდინა ერთის მხრივ იმან, რომ ბენზინის შედარებით დაბალი ფასის გამო ავტოგაზის მომხმარებელი ნაწილობრივ ისევ ბენზინის მოხმარებას დაუბრუნდა. მეორეს მხრივ, საწვავის მოხმარება პირდაპირ კავშირშია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობის, სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასთან, ზოგადად ეკონომიკის გააქტიურებასთან; ასევე რეგულარურად ხდება მეზობელ ქვეყნებში საწვავის გადინება ჩვენთან არსებული დაბალი ფასის გამო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწვავის გაზრდილი მოხმარების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადების სახით უფრო მეტ თანხებს იღებს.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, იქიდან გამომდინარე, რომ წინ არის ზაფხულის პერიოდი, როდესაც ტრადიციულად ფიქსირდება საწვავის მოხმარების პიკი, ვინაიდან ამ პერიოდში იწყება შვებულებების სეზონი, რა დროსაც განსაკუთრებით აქტიურდება დიდ მანძილზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და შედეგად, მეტი საწვავის მოხმარება. ჩვენი აზრით, მიმდინარე ზაფხულში დსთ-ის ქვეყნებიდან და განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან უნდა ველოდოთ დიდი ოდენობით ტურისტული ნაკადის შემოსვლას ავტომანქანებით. ასევე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ასევე ხელს უწყობს საწვავის მოხმარების ზრდას. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, მომდევნო თვეებში საწვავის მოხმარების ზრდას, რაც უდაოდ დადებითად იმოქმედებს როგორც ბიზნეს-ინდუსტრიის განვითარებაზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე", - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები