მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში საზღვარზე ტრაილერების გაფორმება დროში იწელება - მეჰმედ მელექი მიზეზს განმარტავს

სარფი

„BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში სატრანსპორტო კომპანიებს საქართველოში საზღვრის კვეთისას პრობლემები ექმნებათ, რაც გაფორმების პროცესის დროში გახანგრძლივებას უკავშირდება. ამის მიზეზად ბიზნესმენი საზღვარზე ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვას ასახელებს. საკითხზე მან bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველო-თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას პერსპექტივებსა და გამოწვევებს შეეხებოდა.

„ბოლო პერიოდში სატრანსპორტო კომპანიებს აქვთ პატარა პრობლემები საზღვრის გადაკვეთის დროს. რადგან საქართველო ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით შედგენილ NCTS სისტემაზე. ამასთან დაკავშირებით მცირე პრობლემებია. ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზე ეს პრობლემები აღმოიფხვრება და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.

რადგან საქართველო ახალ სისტემაზე გადავიდა გაფორმებებისა და გარანტიების მხრივ მცირე ხარვეზებია, რომლის აღმოფხვრაც არის საჭირო. რადგან ახალი სისტემაა, ასეთი პრობლემები შეიძლება იყოს. მგონია, დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ეს საკითხი და ეს საკითხი მოგვარდება. ანუ გადამზიდავ კომპანიებზე გაცემულ გარანტიებზეა მცირე ხარვეზები, რაც პროცესს დროში აჭიანურებს, ტრაიელერების გაფორმების პროცედურები დროში იწელება. ამჟამად, მაგალითად აზერბაიჯანის და სარფის საბაჟოზე, თურქული კომპანიის 2000-მდე ტრაილერია გაჩერებული, რომლებიც ამ პრობლემების მოგვარებას ელოდებიან, რომ გადმოკვეთონ საზღვარი, შემოვიდნენ საქართველოში და წავიდნენ თურქეთში“, - აღნიშნავს მეჰმედ მელექმა საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმში მონაწილეობისას, რომელიც დღეს სავაჭრო-სამრეწველო ბიზნეს პალატის ორგანიზებით იმართება.

მისი თქმით, საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლების განმავლობაში მზარდია და 2024 წლის მონაცემებით 3 მლრდ დოლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, 2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას, რის შედეგადაც გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები - NCTS-ის მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები