მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში სეზამის ზეთის წარმოება დაიწყეს

5c780c0e27f6b
მაია ბიწაძე
01.03.19 09:40
5876
საქართველოში პირველად სეზამის ზეთის წარმოება დაიწყეს, პროდუქტის მწარმოებელი 29 წლის მარიამ მილაძეა, რომელმაც სეზამის ზეთის დამზადება პარტნიორთან ერთად გასულ წელს დაიწყო. როგორც მან Bm.ge-ს განუცხადა, ზეთს თავად მოიხმარდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების სეზამის ზეთი არ არსებობდა, გადაწყვიტა მისი დამზადება თავად დაეწყო, 2018 წლის აპრილში პარტნიორთან შპს ,,გრინტეჩი“ დააფუძნა, ვაკეში მცირე საწარმო მოაწყო და ცივი გამოწნეხვით ზეთიც მიიღო.

,, საწარმოს შეფუთვას და ბრენდირებას რამდენიმე თვე დასჭირდა, გასული წლის ოქტომბრიდან გაყიდვები დავიწყეთ; ამჟამად ჩვენი პროდუქცია ,,გუდვილში“ და ,,აგროჰაბში“ იყიდება, მომავალი თვიდან კი ,,კარფურის“ ქსელშიც გამოჩნდება, რომელთანაც მოლაპარაკებები პრაქტიკულად დავასრულეთ.

ეს არის ცივი დაწნეხვით მიღებული, არარაფინირებული ზეთი, რომელიც ნატურალურია და დანამატებს არ შეიცავს. ის როგორც კულინარიაში, ასევე კოსმეტოლოგიაში გამოიყენება და საუკეთესო თვისებებით ხასიათდება. პროდუქტი 500 მილილიტრიანი მინის შეფუთვით გამოდის და საცალო ქსელში 24-დან 25 ლარამდე ღირს.

ვაპირებთ პატარა - ეკონომ შეფუთვით გამოშვებას, რომელსაც შდარებით მცირე ზომის სუპერმარკეტების ქსელებში შევიტანთ, როგორიცაა: ნიკორა, სპარი, სმარტი, ორი ნაბიჯი და სხვა, რადგან მცირე სავაჭრო ქსელში მაღალფასიანი პროდუქციით შესვლა გამართლებული არ იქნება“ - განაცხადა მარიამ მილაძემ.

მისივე განმარტებით, ზეთი მოთხოვნადია, მოსახლეობამ კარგად მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეკლამა არ გაუკეთებიათ და ქართველი მომხმარებლისთვის უცხო პროდუქტია. ის უკვე კონკურენციას უწევს იმპორტულ ნაწარმს. შესაბამისად ,,გრინტეჩის“ დამფუძნებლებმა ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტეს. 100 000 ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელეს, მომავალ წლამდე ეტაპობრივად კიდევ 200 000 ლარის ინვესტირებას გეგმავენ, რაც საწარმოს აღჭურვას და ახალი პროდუქტების გამოშვებას მოხმარდება.

,, რადგან გაფართოება გადავწყვიტეთ, საწარმო კასპში გადავიტანეთ. გასულ წელს 1000 ბოთლი ზეთი გამოვუშვით, წელს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას ვგეგმავთ და თვეში გვინდა 1000 ბოთლის დამზადება.

ზეთის დასამზადებლად საჭირო ნედლეული - სეზამის მარცვალი აზიიდან შემოგვაქვს, რადგან ის ამ ქვეყნებში მოიპოვება. არის რამდენიმე სახეობის სეზამი - შავი, თეთრი და ოქროსფერი, ზეთი ოქროსფერი სეზამისგან მზადდება“ - აცხადებს მარიამ მილაძე.

მალე კომპანია ,,გრინტეჩი“ ბაზარს კიდევ ერთ ახალ, ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც საქართველოში არ იწარმოება.

,, ვაპირებთ ახალი პროდუქტის წარმოებას, რაც ასევე ზეთი იქნება, თუმცა სხვა ნედლეულით დამზადებული, რომელიც ასევე ინოვაციური იქნება, რადგან ჩვენს ბაზარზე არ არის. ამ ეტაპზე დასახელებისაგან თავს შევიკავებ.

ასევე ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას; გასულ წელს პროდუქტი კორეაში, ფერმენტირებული საკვების გამოფენაზე გვქონდა წარდგენილი, 360 ქვეყანას შორის ჩვენ საქართველოს სახელით ვმონაწილეობდით; ჩვენმა სეზამის ზეთმა დიდი ინტერესი გამოიწვია“- განაცხადა მარიამ მილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები