საქართველოში, შესაძლოა, ხანძარსაწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის ცეცხლის ჩასაქრობი ე.წ. წყლის ბალიშების წარმოება დაიწყოს.
ამის შესახებ Bm.ge-ის ,,საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, თემაზე მოლაპარაკებებს ისრაელურ კომპანია Elbit Cyclone-თან აწარმოებენ, რომელმაც აღნიშნული ნოუ-ჰაუ შეიმუშავა.
,,ელბიტს“ შემუშავებული აქვს ხანძრის ჩაქრობის ძალიან თანამედროვე, ე.წ ,,ეარდროპის სისტემა“, ეს არის პატარა წყლის ბალიშები, რომელიც მონტაჟდება სპეციალურ თვითმფრინავებზე. მათ ამისთვის შერჩეული აქვთ ამერიკული თვითმფრინავები, რომლებიც სადღეღამისო ფრენის სპეციალური სისტემებითაა აღჭურვილი. ეს არის ახალი ტექნოლოგია, ნოუ-ჰაუ, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ არ გაუშვიათ.
ეს ბალიშები, შესაძლოა, პირდაპირ წერტილოვანი დამიზნებით ესროლო სამიზნეს, ხანძრის კერას, როგორც - ღამის, ასევე დღის განმავლობაში. ბალიშები არ არის დამზადებული პოლიეთილენისგან, ეს პაკეტები ბუნებრივი მასლით, კერძოდ კარტოფილისგან კეთდება, რათა მისი გამოყენების შემთხვევაში არ მოხდეს ნიადაგის დაბინძურება ანუ ეკოლოგიურად სუფთაა. გარდა ამისა, მოხვედრის შემთხვევაში ის არ იწვევს ადამიანის, ან ცხოველის დაზიანებას“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ,,საპარტნიორო ფონდი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Elbit Cyclone-სთან, რათა აღნიშნული სისტემების წარმოება საქართველოში, კერძოდ, მათ ერთობლივ საწარმოში დაიწყოს.
„საუბარია, რომ მოხდეს საქართველოში არსებული ჩვენი ერთობლივი საწარმოს გაფართოება და იქ დაიწყოს ამ ცეცხლმქრობი ბალიშების დამზადება. პროდუქცია იწარმოება - როგორც ქართული ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ და აქედანვე მოხდება მისი სხვა ქვეყნებში რეალიზაცია. ინვესტიციის მოცულობა არ იქნება დიდი, მთავარია, გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდეთ“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდმა აღნიშნულ კომპანიასთან ერთად საქართველოში სს "“Aerostructure TechnologiesCyclone’’ (ATC)" დააფუძნა, რაშიც 93 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
აღნიშნულ საწარმოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილებს ამზადებენ, რომლითაც მსოფლიოში ცნობილ კომპანიებს - Boeing, Airbus, Bombardier და სხვა, მოამარაგებენ.

























