გასულ წელს ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტების ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდიოდა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, თბილისზე ვიზიტების 24% მოდიოდა, 20% მოდიოდა იმერეთზე, 10% კი აჭარაზე.
ვიზიტების საერთო რაოდენობის 7,7% განხორციელდა კახეთში, ხოლო 7,5% კი სამეგრელო ზემო-სვანეთში. ვიზიტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში.
რაც შეეხება კმაყოფილების დონეს, ვიზიტორების უმრავლესობა (51%) ვიზიტით კმაყოფილი დარჩა, 29,5% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 15,8% კი არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო, გამოკითხული ვიზიტორების 2,5% ამბობს რომ ვიზიტით უკმაყოფილოა, ხოლო 0,5% კი ძალიან უკმაყოფილო.
ვიზიტების მიზანს უმეტესად მეგობრის და ნათესავის მონახულება წარმოადგენს (52%), ვიზიტორების 9%-სთვის კი გართობა და რეკრეაცია, 11%-სთვის მკურნალობა, ხოლო 12%-სთვის შოპინგი.
საშუალო ხარჯი ვიზიტზე 125 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია, აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის კვებასა და ტრანსპორტზე.

























