მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შინაური ცხოველების მოვლაზე საშუალოდ 150 ლარს ხარჯავენ – "გრუმ-გრუმი"

5fa44b27c11c9
მადონა გასანოვა
05.11.20 22:49
1274
საქართველოში შინაური ცხოველების მოვლაზე საშუალოდ 150 ლარს ხარჯავენ. აქედან ძირითადი ხარჯები მოდის თმის შეჭრაზე, ჰიგიენასა და კვებაზე.

გლობალური პანდემიის გავლენას არც შინაურ ცხოველთა მოვლის ბიზნესისთვის აუვლია გვერდი. თუმცა, სექტორის წარმომადგენლები აგრძელებენ საკუთარ განვითარებაზე ზრუნვას, „გრუმინგის“ ბოლო ტენდენციების გაცნობას და მათ საქართველოში დანერგვას. ცნობისთვის, ძაღლებში ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა დღეს, აზიური სტილია.

„ცხოველების ვარცხნილობა, საშუალოდ 50 ლარი ჯდება ჩვენს სალონში, ამას ემატება ჰიგიენური საშუალებები, კვება და სასუსნავები, რომელიც 100 ლარი ჯდება, ანუ საშუალოდ, პატარა ჯიშის შინაური ცხოველების მოვლა საქართველოში 150 ლარის ხარჯს შეადგენს. ბუნებრივია, თანხა მეტია დიდი ჯიშების შემთხვევაში,“ - განაცხადა ნატო გიგაურმა, "გრუმ-გრუმის" თანადამფუძნებელმა BM.GE-სთან საუბრისას.

"გრუმ-გრუმი" საქართველოში სამი წლის წინ დაფუძნდა ორი მეგობრის მიერ და ერთ სივრცეში აერთიანებს შინაური ცხოველების სალონსა და მაღაზიას. ბიზნესიდეა, კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნინო დედაბრიშვილს გაუჩნდა, რადგან ბაზარზე თავისუფალი ნიშა დაინახა. თუმცა, განსხვავებული ბიზნეს-კონცეპტის შესაქმნელად მეგობრები ჯერ უკრაინას ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ანალოგიური ბიზნესის ოპერირებას.

„ნინოს თავად ჰყავს ძაღლი და დაინახა, რომ საქართველოში ცხოველთა პროფესიონალური დონის სალონის ნაკლებობა იყო. ასე გაჩნდა ჩვენი ბიზნეს-იდეა; თუმცა, ბიზნესის წამოწყება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და სოლიდურ ინვესტიციას საჭიროებდა. დღეს უკვე ვხვდებით, რომ როდესაც რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად გამოგივა,“ - აცხადებს გიგაური.

"გრუმ-გრუმის" მომხმარებლებს შორის, ძაღლები დომინირებენ. სალონის შემთხვევაში, კატებზე 15-20% მოდის, ხოლო მაღაზიაში - 30%.

გახსნის დღიდან ერთი წლის მანძილზე "გრუმ-გრუმს" უკრაინიდან ჰყავდა გრუმერი ჩამოყვანილი. ასევე, სამი თვის მანძილზე მასტერკლასების ჩასატარებლად ჩამოყვანილი იყო ტოპ-გრუმერი და მათი დახმარებით მოხდა ადგილობრივი თანამშრომლების გადამზადება. მათი თქმით, სწორედ საქმისადმი ასეთმა პროფესიონალურმა მიდგომამ განაპირობა, რომ ბიზნესმა ერთ წელზე გათვლილ შედეგს რამდენიმე თვეში მიაღწია.

პანდემიის დროს, სამი თვის მანძილზე "გრუმ-გრუმმა" სრულად შეაჩერა მუშაობა. როგორც გიგაური აღნიშნავს, პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავდათ, თუმცა, დღეს წინაპანდემიურ მაჩვენებელს მაინც ვერ დაუბრუნდნენ:

„მაღაზიას უფრო შეეტყო კრიზისი. სალონის შემთხვევაში, მომხმარებლების რაოდენობამ 30%-ით იკლო, ხოლო მაღაზიის რეალიზაციამ - 50%-ით“ .

"გრუმ-გრუმის" მაღაზიაში მომხმარებელს სთავაზობენ პრემიუმ ხარისხის კვებას, სასუსნაოებს, აქსესუარებს, ტანსაცმელს, საწოლებსა და სათამაშოებს. გარდა ვარცხნილობისა, სალონში ცხოველებს კბილების წმენდასაც და საყურებსაც სთავაზობენ, ასევე უფერადებენ ბეწვს.

„რაც შეეხება ვარცხნილობის სტილს, მოდის ტენდენციებს დღეს ჩინეთი და უკრაინა გვკარნახობს. დღეს ყველაზე ტრენდული აზიური ვარცხნილობებია. თუმცა, საქართველოში ყველას არ სურს ასეთი ვარცხნილობა, რადგან მოვლას საჭიროებს და მოკლე ვარცხნილობას ანიჭებენ უპირატესობას,“ - განაცხადა "გრუმ-გრუმის" თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები