საქართველო რაოდენობრივად ყველაზე მეტ შოკოლადის ნაწარმს რუსეთში ყიდულობს. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
სააგენტომ FMCG (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონელი) ბაზრის მიმდინარე მონიტორინგთან ერთად, შეისწავლა სამომხმარებლო კალათის შემადგენლობაში შემავალი საქონლის იმპორტის ბაზრების მაჩვენებლები. შეფასებისათვის შეირჩა კარაქის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, მაკარონის, ბრინჯის, ქათმის ხორცისა და შოკოლადის იმპორტი. ანგარიშის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში აღნიშნული საქონლის მოხმარება მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული, იმპორტის ბაზრებზე არსებული ტენდენციები წარმოადგენს FMCG ღირებულების ჯაჭვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და დიდ გავლენას ახდენს, როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ასევე ფასების ფორმირებაზე.
შოკოლადის იმპორტის მიმოხილვის თანახმად, 2025 წელს საქართველოში შემოვიდა 256.1 მილიონი ლარის ღირებულების (93.7 მილიონი აშშ დოლარი) 18 ათასი ტონა კაკაოსა და შოკოლადის მზა ნაწარმი.
შოკოლადის ნაწარმის რაოდენობის 52% შემოდის რუსეთიდან, რაც თანხობრივად საერთო იმპორტის 36%-ს შეადგენს. შემდეგ უკრაინა 21%-იანი წილით, სომხეთი 7%, პოლონეთი -7 % და ხორვატია 5%-იანი წილით.
2025 წელს შოკოლადის ნაწარმის იმპორტის ბაზრის იმპორტიორი კომპანიების მიხედვით შეფასებიდან ჩანს, რომ შოკოლადი და კაკაოს შემცველი საკვები პროდუქტების იმპორტის ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. ამ პერიოდში ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 820 ერთეული შეადგინა. წამყვანი 10 კომპანიის საერთო წილი მთლიან იმპორტში 73%-ს, წამყვანი 5 კომპანიის წილი 52%-ს, ხოლო წამყვანი 3 კომპანიის წილი 43%-ს შეადგენს.
რაც შეეხება კაკაოს, შოკოლადის და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის ადგილობრივ მწარმოებლებს, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ საქმიანობას 78 კომპანია ეწევა, 77 მცირე და 1 მსხვილი ზომის საწარმო - შპს ბარამბო.

























