შვედეთის ახალმა ელჩმა საქართველოში, დევიდ ემტესტამმა ოფიციალურად დაიწყო თავისი დიპლომატიური მისია.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს, ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რწმუნებათა სიგელების ასლები წარადგინა, რაც საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის დასაწყისს აღნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელჩად დანიშვნამდე ის იკავებდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში რუსეთისა და ცენტრალური აზიის ჯგუფის ხელმძღვანელის (დირექტორის მოადგილის) თანამდებობას. სხვადასხვა დროს დიპლომატიურ მოვალეობებს ასრულებდა მინსკში (ბელარუსი), მოსკოვსა (რუსეთი) და კიევში (უკრაინა) შვედეთის საელჩოებში.
"შვედეთის საელჩო თბილისში მოხარულია მიესალმოს საქართველოში შვედეთის ახლად დანიშნულ ელჩს, დევიდ ემტესტამს.
დღეს მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რწმუნებათა სიგელების ასლები ოფიციალურად წარადგინა, რაც საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის დასაწყისს აღნიშნავს.
ელჩი ემტესტამი მზად არის ხელი შეუწყოს ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ბატონო ელჩო! გისურვებთ წარმატებას თქვენს ახალ დიპლომატიურ საქმიანობაში",- წერს საელჩო სოციალურ ქსელში.
მანამდე შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი იყო, რომელმაც თავისი სამწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა და ქვეყანას 2026 წლის აგვისტოში დაემშვიდობა.

























