OHM Energy Georgia-ს მმართველის პარტნიორის ირაკლი უბილავას ინფორმაციით, 2023 წელს კომპანიამ საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში 187 კომერციული და საყოფაცხოვრებო მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა, რამაც ჯამში 9,8 მეგავატი სიმძლავრე შეადგინა.
როგორც ირაკლი უბილავამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, კომპანიისთვის 2023 წელის ნაყოფიერი იყო.
„ყველაზე აქტიური სომხეთში ვიყავით; მზის ენერგეტიკის რესურსი იქ უფრო არის განვითარებული და ბაზარი სიახლეებს ორგანულად ითვისებს. შედეგად, ინტერესი მაღალია როგორც ბიზნესის, ისე ფიზიკური პირების მხრიდან, რომ მზის ელექტროსადგურები დაამონტაჟონ. 2023 წელს რამდენიმე ახალი მემორანდუმი გავაფორმეთ, რაც ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებას მოიაზრებს. ვგულისხმობ, დაახლოებით, 22 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობას.
რაც შეეხება საქართველოს, OHM Energy Georgia წელიწადზე მეტია, რაც ბაზარზეა და ჯამში, 2 მეგავატამდე სიმძლავრის პროექტები გვაქვს განხორციელებული. ინტერესი, ძირითადად, ბიზნესიდან მოდის, მაგრამ იმედი გვაქვს, მოქალაქეებიც გააქტიურდებიან და ამ მიმართულებით, ჩვენი გუნდიც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებსაც მართავს. OHM Energy Georgia არა მხოლოდ მზის სადგურების მონტაჟს ახორციელებს, არამედ ჩვენი გუნდი საკონსულტაციო საქმიანობასაც ეწევა. უნდა გვესმოდეს, რომ მზის პანელების მონტაჟი საკმაოდ კაპიტალტევადია, თუმცა სიცოცხლისუნარიანობა 25-30 წელია, ამიტომ ინვესტირებისას საუკეთესო გადაწყვეტილებაა მისაღები“, - ამბობს ირაკლი უბილავა.
„წერტილთან“ ინტერვიუში OHM Energy Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა უზბეკეთის ბაზარზეც ისაუბრა, სადაც კომპანია 15 სპეციალისტით არის წარმოდგენილი. ირაკლი უბილავას თქმით, უზბეკეთში, მზის ენერგეტიკაში კვალიფიციური კომპანიების ნაკლებობაა, მზის სადგურების აშენება - მონტაჟის სურვილი კი მაღალია, რაც OHM Energy Georgia-ისთვის განვითარების კარგ შესაძლებლობას ქმნის.
2024 წლის გეგმებს რაც შეეხება, ირაკლი უბილავას თქმით, OHM Energy Georgia წელს, ჯამში, 30-მდე მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების პროექტების განხორციელებას გეგმავს.
ინფორმაციისთვის: OHM Energy Georgia ბაზარს სთავაზობს განახლებადი ენერგიის დარგში სხვადასხვა საპროექტო-სამშენებლო მომსახურებას - მათ შორისაა მზის სადგურების მშენებლობა, მშენებლობის მართვა, მაღალი ძაბვის გადაწყვეტილებები და პროექტირება და ა.შ.