საქართველოში Starbucks-ის გახსნა გადაიდო - ინფორმაცია bm.ge-ს ორმა წყარომ დაუდასტურა.
მათი თქმით, პროცესი არ გაუქმებულა, თუმცა გახსნა გაურკვეველი მიზეზით გადაავადეს.
საქმე ის არის, რომ პირველადი ინფორმაციით, პირველი ფილიალი თბილისში, ვაკეში 2026 წლის მარტში უნდა გახსნილიყო, თუმცა პროცესი გადავადდა.
ბრენდი საქართველოში ქუვეითურ Alshaya group-ი შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს. bm.ge შესაბამისი კითხვებით კომპანიას გასულ კვირას დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
რაც შეეხება ქართული მხრიდან მომლაპარაკებელ მხარეს "აწარმოე საქართველოს", განგვიცხადეს რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე.
უფრო კონკრეტულად, Starbucks ქსელური რესტორნის გახსნა იგეგმება Axis towers-ში, „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“. ამ ეტაპზე ჩვენთვის სხვა ლოკაციები უცნობია.


























