საქართველოში 2020 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) ჯამში 24 293 მართვის მოწმობა გაიცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.
ოფიციალური პირველადი მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში 679 მართვის მოწმობა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაიცა. მათ შორის: რუსეთის მოქალაქეებზე 143, თურქეთის მოქალაქეებზე – 85, აზერბაიჯანის მოქალაქეებზე – 30, და ინდოეთის მოქალაქეებზე 174. აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობები გაიცა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეც, თუმცა, ყველაზე მეტი ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებზე მოდის.
ამასთან, მართვის მოწმობის მიმღებთა შორის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მოქალაქეობა 704 მიმღებს არ აქვს მითითებული.
საინტერესოა ისიც, რომ აპრილის პერიოდში ჯამურად გაიცა მხოლოდ ხუთი მართვის მოწმობა ქვეყნის მასშტაბით, ლოქდაუნიდან გამომდინარე. თუმცა, მსგავსი სტატისტიკა ფიქსირდება ივლისის პერიოდშიც, როდესაც მხოლოდ 10 მართვის მოწმობაა გაცემული.
თვეების მიხედვით, გაცემული მართვის მოწმობების სტატისტიკა შემდეგნაირია:
იანვარი – 3690
თებერვალი – 3811
მარტი - 2484
აპრილი – 5
მაისი – 539
ივნისი – 3117
ივლისი – 10
აგვისტო – 5206
სექტემბერი – 5431
სტატისტიკაში მითითებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეალიზებულია მონაცემთა ცენტრალიზებულად შეგროვების მანუალური და ავტომატიზირებული მეთოდოლოგია, რომელთაც რეგისტრაციის სხვადასხვა პერიოდულობა, აგრეთვე სისრულისა და კორექტულობის განსხვავებული ხარისხი ახასიათებთ. საინფორმაციო მასივების ცალკეული კატეგორიების მიხედვით მონაცემთა შემდგომი დამუშავება წარმოებს მრავალჯერადად. შესაბამისად, ზღვრული საშუალო სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში არსებობს მონაცემთა შემდგომი ცვლილების გარკვეული ალბათობა.
საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/- 2,5%.




























