მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თაფლის მოსავალი 3-ჯერ შემცირდა, შეეცვალა გემოც - მწარმოებლები მიზეზებზე

თაფლი 2

წარმატებული 2021-2022 წლების შემდეგ, თაფლის მწარმოებლებისთვის გასული წელი, საკმაოდ რთული და არასახარბიელო აღმოჩნდა. 2023 წელს საქართველოში წარმოებული თაფლის მოცულობამ 1000 ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემთან შედარებით დაახლოებით 67%-ით შემცირებული მაჩვენებელია. განსაკუთრებით ცუდი მოსავალი კი იმ მეფუტკრეებს ჰქონდათ, რომლებიც აკაციისა და წაბლის თაფლზე არიან ორიენტირებულები.

როგორც თაფლის მწარმოებელი კომპანია "აპიჯეოს" გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე bm.ge-სთან განმარტავს, მკვეთრად შემცირებული მოსავლიანობის შედეგი უხვი ნალექი და მისგან გამოწვეული მავნებლების გავრცელებაა.

"2023 წელი მეფუტკრეობის სექტორისთვის ძალიან მძიმე წელი იყო. კლიმატური პირობები იყო ძალიან ცუდი. ვინც დიდი ხანია ამ სფეროშია, ამბობს, რომ ასეთ კლიმატი ბოლო 32 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ზოგადად, მეფუტკრეობა ისეთი სექტორია, რომელიც პირდაპირ მიბმულია ამინდზე და პროდუქციის მოსავლიანობას და რაოდენობას სწორედ ამინდი განსაზღვრავს. ჩვენთვის სეზონი მაისის ბოლოდან იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება, სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში გასულ წელს ლამის ყოველდღე წვიმდა, ამას დაერთო მეწყრული პროცესებიც. აქედან გამომდინარე სკებში ბევრი ისეთი დაავადება გაჩნდა, რომელიც ცუდ ამინდს უკავშირდება. ეს დაავადებები ცხადია, გავლენას ახდენს თაფლის მოსავალზე", - ამბობს ერეკლე ჩიკვაიძე.

თაფლის მოსავლის შემცირებაზე საუბრობს კიდევ ერთი მწარმოებელი. როგორც კომპანია "რუხი დედოფლის" დამფუძნებელი, თამარ კვარაცხელია განმარტავს, კლიმატურმა ცვლილებებმა თაფლის არა მხოლოდ რაოდენობრივად შემცირება, არამედ მისი გემოვნური თვისებების ცვლილებაც განაპირობა.

"გასულ წელს დაუსრულებელმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თაფლის ინდუსტრიაზე, საგრძნობლად შემცირდა წარმადობა, ფუტკრის ოჯახები კი დასუსტდა. 2022 წელთან შედარებით 2023 წელს ჩვენი წარმადობის მაჩვენებელი 4-ჯერ შემცირდა, 2-3 ტონაზე ჩამოვედით. გარდა ამისა, წვიმების დროს აკაციის ყვავილი დაზიანდა, რის გამოც ფუტკარი მასზე აქტიურად ვერ მუშაობდა, მოუწია სხვა მინდვრის ყვავილებზე, რის შედეგადაც თაფლს ფერი და გემოვნური თვისებები შეეცვალა. ის მომხმარებლები ვინც კონკრეტულ ფერსა და გემოს იყვნენ შეჩვეულები, სხვა გემოვნური თვისებების თაფლზე გადასვლა გაუჭირდათ", - განმარტავს თამარ კვარაცხელია.

"რუხი დედოფლის" დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ მოსავლიანობის ამ მასშტაბით შემცირებამ კომპანიას პროდუქციის ექსპორტზე გატანის რესურსი აღარ დაუტოვა.

საექსპორტო მოცულობის შემცირებაზე საუბრობს "აპიჯეოს" გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელიც. ერეკლე ჩიკვაიძის თქმით, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ 80%-ით ნაკლები თაფლი გაყიდეს.

"2022 წელს 130 ტონა თაფლი გავიტანეთ ექსპორტზე, წელს კი რაოდენობა 30 ტონამდე შემცირდა. ეს მოცემულობა რასაკვირველია, პირდაპირპროპორციულად აისახა ფინანსებსა და მოტივაციაზე. როგორც იქნა წელი გადავაგორეთ და ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვართ 2024 წელს. მეფუტკრეობას კარგი ის აქვს რომ რაც არ უნდა ცუდი წელი გვქონდეს, შეგვიძლია მეორე წელს ორჯერ გავზარდოთ სკების, ფუტკრის და ცხადია, მოსავლიანობის რაოდენობა", - აღნიშნავს "აპიჯეოს" გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები