მეფუტკრეობის კოოპერატივი "კოდის" წარმომადგენელი გიორგი მერაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში თაფლზე სრულყოფილი კვლევები ვერ ხორციელდება, რის გამოც სფეროს სერიოზული პრობლემები ექმნება. მისი თქმით, საქართველოში ლაბორატორიული კვლევა მხოლოდ 7 კომპონენტზე ხდება, როდესაც მინიმუმ 30 კომპონენტის კვლევაა საჭირო ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად.
"თუ არ ვიცით, ჩვენი პარტნიორების თაფლი რა ხარისხისაა, ვერ ვაერთიანებთ პროდუქტს. შესაბამისად, პრობლემა გვექმნება რაოდენობასთან დაკავშირებით.
შესაბამისი ლაბორატორია არსებობს, მაგრამ არასრულყოფილი კვლევები აქვს. იკვლევს 7 კომპონენტს, რაც არასაკმარისია. დაახლოებით 30 კომპონენტია საჭირო, რომ დავადგინოთ ეს თაფლი არის შესაბამისი ევროკავშირის სტანდარტებისა თუ არა.
ამ პრობლემებიდან გამომდინარე ექსპორტის პერსპექტივა ნაკლებია. თაფლს ვაგზავნით სხვა ქვეყანაში, მაგრამ დროში გაწელილი პროცესია. წარმოუდგენელია, 6 თვე ელოდო, რომ გაიგო რა ხარისხისაა შენი თაფლი",- აცხადებს გიორგი მერაბიშვილი.

























