საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ცემენტის ბაზრის მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა. კვლევაში, რომელიც 33 გვერდს მოიცავს, სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლებია მოყვანილი:
კერძოდ, 2022 წლის მონაცემების მიხედვით, პორტლანდცემენტის წარმოების მიმართულებით იდენტიფიცირებულია 54 კომპანია, მათ შორის: ხაზგასასმელია, რომ 54 კომპანიიდან 7 ყველაზე დიდი კომპანია, მთლიანი ბრუნვის მიხედვით ბაზრის თითქმის 90%-ს იკავებს, ხოლო სხვა კომპანიების შემთხვევაში ბაზარზე წილი საშუალოდ 0,25%-ია, რის გამოც ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგის მიზნებისთვის გამართლებულია ადგილობრივი ინდუსტრიის მდგომარეობა შეფასდეს სწორედ ამ კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით.
2023 წლის 9 თვის მონაცემებით იმპორტის 6 ოპერაცია განახორციელა 73-მა სუბიექტმა, საიდანაც 20 ყველაზე დიდი ეკონომიკური აგენტის (1% ან მეტი) მიერ განხორციელებულმა იმპორტმა 91,38%, ხოლო სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის პროცენტული წილი იმპორტში 16.39%, 15.12%-სა და 9.02%-ს შეადგენს. სულ 2023 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში იმპორტირებულ იქნა 129 343 ტონა ცემენტი და კლინკერი (მ. შ. 92 758 ტონა კლინკერი და 36 584 ტონა ცემენტი), რაც არსებითად აღემატება წინა სამი წლის ტრენდს.
იმპორტიორ კომპანიებთან შედარებით ნაკლებად დივერსიფიცირებულია იმპორტის მონაცემები ექსპორტიორი ქვეყნების მიხედვით. როგორც მონაცემები ცხადყოფს, საქართველოში იმპორტირებული ცემენტი ძირითადად აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოდის, რაზეც იმპორტის თითქმის 99% მოდის. 2023 წლის სამი კვარტალის მონაცემებით კი იმპორტი სულ 5 ქვეყნიდან ფიქსირდება.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ 2020-22 წლებში ინდუსტრიის მიერ გაყიდული ცემენტის რაოდენობის მცირე კლების მიუხედავად, საშუალო შეწონილი ფასის ზრდის ფონზე, ამ პერიოდში ინდუსტრიის შემოსავლები გაზრდილია.
ინდუსტრიის ზოგადი შეფასების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად კომპანიების საქმიანობის ანალიზი და ამ მიმართულებით ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება.
2022 წლის მონაცემების მიხედვით, პორტლანდცემენტის წარმოების მიმართულებით იდენტიფიცირებული 54 კომპანიიდან 7 ყველაზე დიდი კომპანია, მთლიანი ბრუნვის მიხედვით, ბაზრის თითქმის 90%-ს იკავებს.
„კომპანიების ფასების შედარებისას იკვეთება, რომ შესწავლის პერიოდში ყველა კომპანიის მიერ რეალიზებული ცემენტის საშუალო ღირებულება სტაბილურად მზარდია. ამასთანავე, მზარდია იმპორტირებული ცემენტის საშუალო შეწონილი ფასიც. ფასების ზრდა ლოგიკურ კავშირშია კომპანიების ბრუნვის ზრდასთანაც.
2020-2023 წლების პორტლანდცემენტის იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების მონაცემების შეფასების შედეგად იკვეთება, რომ პორტლანდცემენტის გაყიდვებში ადგილობრივი წარმოების წილი სტაბილურად მაღალია და 90-95%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ძირითადად ადგილობრივი წარმოების პროდუქტია მიმოქცევაში, ეს უკანასკნელი შესაძლოა დამზადდეს როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული კლინკერისგან. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების ცემენტის გაყიდვები, როგორც ცალკე აღებული მაჩვენებელი, შესაძლოა ყოველთვის ზუსტად არ ასახავდეს კონტექსტს“, - წერია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში.