მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში წერტილი უნდა დავუსვათ შერჩევით სამართალს" - ნინო ეგაძე

ნინო ეგაძე

საქართველოს განვითარებისთვის, პირველ რიგში, ადამიანების დაფასება სჭირდება. ასე უპასუხა „დიზაინის ინსტიტის“ დამფუძნებელმა ნინო ეგაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას.

სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების და ბრენდინგის და მარკეტინგის გამოცდილ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებას სწორედ მოქალაქეების შესაძლებლობების დაფასება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა ესაჭიროება.

„ვფიქრობ, გვყავს უამრავი კარგი ადამიანი, ვიდრე სჭირდება ერთ პატარა ქვეყანას. უბრალოდ, მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება უნდა მივცეთ: არქიტექტორებს უნდა მივცეთ გარემო, რომ უკეთესად აკეთონ თავისი საქმე; ექიმებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მაქსიმუმი გააკეთონ თავისი პაციენტებისთვის; არქეოლოგებმა გააგრძელონ ძიება და ა.შ. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუციების და ერთი ადამიანის უფლებების არშელახვის პრინციპით;

თუ ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმას, რომ ერთი მხრივ, საზოგადოება იზრუნებს თითოეული ადამიანის შესაძლებლობების გამოვლენასა და დაცვაზე და მეორე მხრივ, საზოგადოება იქნება ჩართული და პასუხისმგებელი, რეალურად, საზოგადოებას მეტი არაფერი სჭირდება, რადგან ნიჭიც გვაქვს, შესაძლებლობაც და გეოგრაფიული მდებარეობაც იმისთვის, რომ განვვითარდეთ“, - თქვა მან.

რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „შერჩევით სამართალს“ - უპასუხა ნინო ეგაძემ.

„როცა მე მეხება, არ უნდა ვფიქრობდე, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, როცა სხვას ეხება [უსამართლობა]. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, განსაკუთრებით დაგვანახა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც გვეგონა, რომ სამართლიანია, მაგრამ სხვის მიმართ არ აღმოჩნდა ემპათიური. მეორე მხრივ, ასევე, დავინახეთ ათასობით ადამიანი, რომელსაც შეეძლო კარგად ეცხოვრა რომელიმე დალაგებულ, განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ დაბრუნდა და აქ იბრძვის იმისთვის, რომ სხვისი უფლებები დაიცვას, სხვისი უკეთესი ცხოვრებისთვის გაისარჯოს. ალბათ ეს გზა დაგვანახებს, რამხელა ძალა აქვს თითოეულ მოქალაქეს“, - აღნიშნა ნინო ეგაძემ, „დიზაინის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები