ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ინდოელ ტურისტებს საქართველოს საზღვარზე პრობლემები კვლავ ექმნებათ და ქვეყანაში მათი არ შემოშვების ფაქტები ერთეული არაა.
როგორც ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებელმა, ნიკა მანჯგალაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, განსაკუთრებით პრობლემურია შემთხვევები, როდესაც ტურისტებს ვიზა აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ქვეყანაში არ უშვებენ.
მისი თქმით, იგივე პრობლემებია ყაზახ ვიზიტორებთან მიმართებაშიც, რომლებიც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები არიან. ნიკა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ასეთი ფაქტები ტურისტულ ბიზნესს საერთაშორისო პარტნიორებთან პრობლემებს უქმნის.
„ინდოელ ტურისტებს დიდი პრობლემები ექმნებათ საზღვრის კვეთის დროს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ვიზა. ჩვენთან ერთი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი იყო მოსული, რომელიც ინდოეთზე მუშაობს და გვითხრა, რომ ასეთი პრობლემააო. მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ვიზიტორზე ვიზა გასცე და შემდეგ საზღვარზე უარი უთხრაო. ეს არაა ერთეული შემთხვევები, ძალიან ბევრია.
ყაზახებთან მიმართებაშიც ძალიან რთული თემაა. ყაზახები ძალიან კარგი გადამხდელები და მოწესრიგებული ვიზიტორები არიან. ის ფაქტი, რომ რაღაც მომენტში ვიღაცას [საზღვარზე] შეიძლება უარი უთხრან და [ქვეყნიდან] გააძევონ, ჩვენთვისაც დიდი დარტყმაა. რადგან სასტუმრო, ტრანსპორტი უკვე გადახდილია ხოლმე, მერე ჩვენც ძალიან დიდი პრობლემები გვექმნება პარტნიორებთან იმ ქვეყნებში, საიდანაც არ შემოუშვეს ეს ტურისტები“, - განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ყაზახი მოქალაქეების არშეშვების ფაქტებზე ცოტა ხნის წინ თავად ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა. ამავე საკითხზე საუბრობდნენ გასულ თვეში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებაშიც.




























