ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ტურისტული სეზონის გააქტიურების გათვალისწინებით რეგიონებში ტურისტულ ლოკაციებზე ამცრელი ბრიგადების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჩინური წარმოების ვაქცინების 1 მლნ დოზის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 350-მდე ამცრელი ბრიგადაა მობილიზებული.
„როგორც ვიცით, თბილისში აცრების კუთხით მაღალი აქტივობა იყო, თუმცა ვითვალისწინებთ, რომ ზაფხულში ტურისტული მიგრაციიდან გამომდინარე ეს აქტივობა შეიძლება სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში გადავიდეს, ამიტომ იქაც შესაბამისი რაოდენობის ბრიგადების მობილიზება უნდა მოხდეს, რათა ნაკადები ვაქცინებით უწყვეტად მომარაგდეს. მაღალი მობილიზაცია იქნება აჭარის და გურიის რეგიონში და ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც შიდა ტურიზმის მაღალ მაჩვენებელს ველით. აქტიურ ზედამხედველობას ვახორციელებთ ყველა იმ ობიექტზე, რომელიც ვაქცინაციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. მნიშვნელოვანია IT უსაფრთხოება, რათა არ განმეორდეს ის ხარვეზები, რაც უკვე გვქონდა, ამიტომ შესაბამის სამსახურებთან ერთად მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ“, - განმარტა მინისტრმა.



























