ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის (WTFI) პრეზიდენტი, ბაღჩი ბულუთი მიიჩნევს, რომ საქართველოში ტურიზმის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დაკავშირებადობის ზრდაა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს Hospitality Investment Forum 2026-ზე განუცხადა.
საქართველო სტუმარმასპინძლობის გლობალურ ფორუმს - Hospitality Investment Forum 2026-ს, მასპინძლობს. ერევანში ჩატარებული ორი მასშტაბური ღონისძიების შემდეგ, კონფერეცია 18 თებერვალს თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” იმართება.
"ძალიან მიხარია, რომ საქართველო დღეს თბილისში სტუმარმასპინძლობის ფორუმს მასპინძლობს. მოვუსმინე ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის მინისტრების გამოსვლებს. როგორც მესმის, მთავრობა მზადაა, დაეხმაროს ინვესტორებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, პოლიტიკის შემქმნელთა გადაწყვეტილების გარეშე, ტურიზმის გაუმჯობესება შეუძლებელია. ჩემი მოლოდინი და მოწოდებაა ხელისუფლების მიმართ, რომ გაზარდონ დაკავშირებადობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ უკვე ბევრი რამ გააკეთა ინფრასტრუქტურის, გასტრონომიის, რესტორნების, სასტუმროების მიმართულებით. გზები და ყველაფერი რიგზეა, ქალაქში გადაადგილება იდეალურია ტურიზმისთვის. მაგრამ არის დაკავშირებადობის ნაკლებობა, განსაკუთრებით თბილისისთვის. რადგან საქართველოს შეუძლია იყოს კარგი ჰაბი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ვგულისხმობ, რომ დღეს, მაგალითად, ჩინეთის ყველა რეისი ბუდაპეშტის გავლით სრულდება. რატომ არ დაფრინავენ საქართველოს გავლით? ამიტომ არის საჭირო ქართული ავიაციის მეტად და მეტად განვითარება.
სინამდვილეში, ტურისტები მხოლოდ ინფრასტრუქტურას აკვირდებიან. ქალაქში ტაქსის მძღოლები, გზები, პატარა ბუფეტები და ბაზრებიც კი ტურიზმის ნაწილია. სწორედ ამიტომ არის ტურიზმი კომბინირებული ეკოსისტემა, ეს ინფრასტრუქტურაა. მე 2018 წელს, COVID-19-მდე ვიყავი საქართველოში. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თქვენ უკვე ბევრი რამ გააკეთეთ, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ერთი ნაბიჯით წინ წასაწევად, არის დაკავშირებადობა",- ამბობს ბაღჩი ბულუთი.
BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ის ამ კონტექსტში ავიაციის მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"თუ თურქეთის მაგალითს განვიხილავთ: 2004 წელს Turkish Airlines-ს თითქმის სამოცი ან სამოცდაათი თვითმფრინავი ჰყავდა., მაგრამ დღეს ხუთასი თვითმფრინავი ჰყავს. ეს ოცი წლის განმავლობაში მოხდა და ხედავთ სტამბოლის აეროპორტს. ასე რომ, აეროპორტის გაფართოება, ახალი მარშრუტები, ახალი მგზავრები, სიმძლავრეები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მაშინაც კი, თუ გაქვს საუკეთესო კურორტები, საუკეთესო საკვები, საუკეთესო კულინარია, თუ დანიშნულების ადგილამდე საკმარისი მგზავრის გადაყვანა არ შეგიძლია, როგორ შეძლებ მათ შევსებას? წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასი დაბალი იქნება, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ მგზავრს გადაიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. თუ დატვირთულობა მაღალია, ფასიც იზრდება",- განაცხადა ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტმა.

























