საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ქემალ მემისოღლუ იმყოფება. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქემალ მემისოღლუ თბილისში იმყოფება მოადგილესთან და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.
„დელეგაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე მასპინძლობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური შეხვედრები და ჯანდაცვის სექტორში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, გაფორმდება მემორანდუმი“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრებს და მონაწილეობას მიიღებენ სხვა მაღალი რანგის შეხვედრებშიც.




























