თხილის გადადამუშავებელტა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, თხილის ჩაბარების წლევანდელი ფასი 5 ლარის ფარგლებში, ხოლო მისი საექსპორტო ღირებულება 5.00 – 5.50$-ის ფარგლებში იქნება კილოგრამზე.
მოწერელიას თქმითვე, თხილის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა.
„საქართველო 10-ჯერ უფრო ნაკლებ თხილს აწარმოებს ვიდრე თურქეთი, შესაბამისად ფასმწარმოებელი მსოფლიო ბაზარზე არის თურქეთი. დღეს თურქული თხილის გული 1 კგ ღირს 5.80-5.90$. გასათვალისწინებელია რომ თურქული გაუტეხავი თხილიდან 50%-იანი გამოსავლიანობაა, მაშინ როცა საქართველოდან 40%-იც აღარაა, შესაბამისად ფასიც დაბალია. დღეს ტენიანი თხილის ფასი 2 ლარია, მაგრამ როგორც კი თხილი გამოშრება მისი ფასი დაახლოებით 5 ლარი გახდება“, - განაცხადა მოწერელიამ და აღნიშნა, რომ წელს ფაროსანას მიერ თხილის საერთო რაოდენობის დაახლოებით 5%-ია დაზიანებული, უმეტესი პრობლემა (საშუალოდ 17% ) კი სოკოვან დაავადებებთან არის დაკავშირებული.
„ფაროსანა უფრო ნაკლები პრობლემა, ვიდრე სოკოვანი დაავადებები. სამწუხაროდ, მას ჩამოკიდეს ყველა ცოდვა, რაც ჩვენს თხილს სჭირდა. წლევანდელმა სეზონმა ნათლად დაგვანახა, რომ მთავარი პრობლემა ეს არის სოკოვანი დაავადებები, რომელიც იწვევს გულის სიდამპლეს.
ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილი გვაქვს, მაგრამ ის კიდევ ექვემდებარება შემდგომ გადამუშავებას, იქნება ეს მოხალვა, დაქუცმაცება თუ დაფქვა. ეს რა თქმა უნდა ფასზე გავლენას ახდენს, მაგრამ სოკოვანის შემთხვევაში, შედეგი ნულოვანია.
ჩვენს თხილის ბაღებს მოვლა აკლია. წელს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები იმ ფერმერებთან, ვინც წამლობა სწორად ჩაატარა. მათ 100%-იანი შედეგი აქვთ, სადაც არ ჩატარდა ან არასწორად ჩატარდა, იქ დაზიანებაა.
როდესაც თხილი მცირე რაოდენობით არსებობდა, მაშინ ის უპრობლემოდ იძლეოდა ნაყოფს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა თხილის პლანტაციები და სწორედ მაშინ იჩინა პრობლემებმა თავი. ამიტომ უნდა დავიწყოთ მასზე ზრუნვა.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მოწერელიამ.
ინფორმაციისთვის, წელს საქართველოში დაახლოებით 65-დან 70 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან.

























