ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოში უცხოელების დასაქმების შეზღუდვის გადაწყვეტილებაზე საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს.
საქმე ის არის, რომ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით, "ქართული ოცნების" პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანა - უცხოელებმა სპეციალური სამუშაო უფლება უნდა მოიპოვონ. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს. საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს
ამ თემაზე ბიზნესომბუდსმენის დასკვნით BMG დაინტერესდა, მაგრამ ოთარ დანელიას აპარატში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენის ერთ-ერთი მთავარი კომპეტენციაა, საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ასევე, ის ზედამხედველობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას.
ჩვენთვის უცნობია, რომელიმე ბიზნესასოციაციამ მიმართა თუ არა ოთარ დანელიას უწყებას შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების ანალიზის და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით, თუმცა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლით ბიზნესმბუდსმენს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის უფლება აქვს. კერძოდ:
მუხლი 9. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი
1. ბიზნესომბუდსმენი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის/პირების მიმართვის
საფუძველზე აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას და ნორმატიული აქტების პროექტებს.
2. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია მიიღოს ზეპირი და წერილობითი განმარტებები იმ
ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომელიც ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს.
3. ნორმატიულ აქტში ან ნორმატიული აქტის პროექტში ისეთი ნორმის არსებობისას, რომელმაც
შესაძლოა დაარღვიოს პირის უფლება, ბიზნესომბუდსმენი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დასკვნას წარუდგენს.
4. ბიზნესომბუდსმენის დასკვნა უნდა შეიცავდეს ნორმატიული აქტის/ნორმატიული აქტის პროექტის
დასახელებას და იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ბიზნესომბუდსმენს მიაჩნია, რომ
ნორმატიული აქტის/ნორმატიული აქტის პროექტის არსებული რედაქცია პირის უფლებას არღვევს.
5. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და სხვა ადმინისტრაციულ
ორგანოს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში, როდესაც ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, მიხეილ დაუშვილი, ირაკლი ლექვინაძე და ზურაბ ძნელაშვილი (მშ) იყვნენ, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიური იყო და სხვადასხვა ბიზნესისთვის პრობლემურ თემაზე, მათ შორის, როგორც შიდა, ისე ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე საკუთარ დასკვნას აქვეყნებდა და მედიასთანაც აქტიურად თანამშრომლობდა.
2022 წლის თებერვლიდან ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ოთარ დანელიას უჭირავს.
ბიზნესომბუდსმენის ვებგვერდის თანახმად, ვებგვერდზე ბოლოს პრესრელიზი 2022 წლის ბოლოს არის გამოქვეყნებული. ბიზნესომბუდსმენის facebook-გვერდზე კი, ბოლო აქტივობა 2024 წლის ივნისით თარიღდება - შარშან ოთარ დანელიას უწყება, ძირითადად, ეკონომიკური საბჭოს სხდომების ამსახველ რელიზებს აზიარებდა, რომელსაც ოთარ დანელიაც ესწრებოდა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, ბიზნესმბუდსმენის აპარატის ბიუჯეტი 950 000 ლარია, ხოლო საშტატო ნუსხა 13 კაცითაა განსაზღვრული.




























