საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გარდამავალი ვადა იწურება. კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს გადის, შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ბიზნესს აფრთხილებს მზადება დროულად დაიწყონ. ვინაიდან შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა 30 კალენდარულ დღეს მოიცავს, სააგენტოს რეკომენდაციაა პროცესი დროულად დაიწყოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონით გათვალისწინებული ჯარიმები, როგორც კომპანიისთვის, ისე უცხოელი დასაქმებულისთვის. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის/თვითდასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების პარალელურად, გათვალისწინებული იყო გარდამავალი პერიოდი, საქართველოში დასაქმებული იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2026 წლის 1 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უკვე იყვნენ რეგისტრირებულები. შრომითი საქმიანობის უფლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ხოლო IT სფეროში დასაქმებულებისთვის - 3 წლამდე ვადით გაიცემა. რა იცვლება 1 იანვრიდან საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის და როგორ მუშაობს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები?
სტუმარი: ენრი აბულაძე - GLCC Law Firm-ის იურისტი






























