მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლი დაფუძნდა - მიზნები და გეგმები

61fedddb25b21
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.22 00:32
1523
საქართველოში გასული წლის დეკემბერში უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლი დაფუძნდა.

ახალი გაერთიანების მიზნებსა და გეგმებზე გადაცემა Forbes Talks-ში სავაჭრო სახლის დამფუძნებელმა, ასევე უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა საქართველოში ტიმურ აბდულაევმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავაჭრო სახლი უზბეკ და ქართველ ბიზნესმენებს ერთმანეთთან დააახლოებს.
„როდესაც უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა გაიგო რომ გასული წლის გაზაფხულზე საქართველოში დასასვენებლობა მოვდიოდი, მითხრა, რომ დასვენების დრო არ იყო და მე ქართულ-უზბეკური ბიზნესკავშირების განვითარებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. ქართული ბიზნესი ამ ნაწილში უფრო დაინტერესებული უნდა იყოს უზბეკეთით, რადგან იქ გასაღების ბაზარი უფრო დიდია.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელ გიორგი პერტაიასთან, შემდეგ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელებთან, მწარმოებლებთან მქონდა. უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლის დაფუძნებაც ამის ლოგიკური გაგრძელება გახდა. ხშირად ბიზნესმენები კონტაქტების არ არსებობის პირობებში ამა თუ იმ ბაზარზე შესასვლელად პარტნიორებს ეძებენ, რა დროსაც შეიძლება არაკეთილსინდისიერ პირებს მიმართონ, რომლებიც არასწორ რჩევებს ან მიმართულებას მისცემენ. ამით ბიზნესი უკმაყოფილო რჩება და ამ კონკრეტულ ქვეყანაში დაბრუნების სურვილი აღარ აქვს. ამის კარგი მაგალითი ჩეხეთში მუშაობისას მქონდა“, - განმარტავს ტიმურ აბდულაევი.

ახალი გაერთიანების დამფუძნებელი უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლის საქმიანობას ორ ნაწილად ყოფს: „პირველი ეს ორი ქვეყნის მეწარმეების განაცხადების მიღება და კონსულტირებაა. აქ ფინანსური ინტერესი არ არის, რადგან ჩემი ამოცანა მათთვის სწორი მიმართულების მიცემა და იმის ახსნაა თუ როგორ მუშაობს ეს ბიზნესი კერძო სექტორის გადმოსახედიდან ამ კონრეტულ ქვეყანაში.

მეორე ნაწილი უფრო კომერციულია, რადგან მე ალტრუისტი არ ვარ და ბიზნესის განვითარებას თავისი შემოსავალი სჭირდება. საქართველოში სავაჭრო სახლის ფუნქციონირებას არავინ აფინანსებს. ეს საზოგადოებრივი დატვირთვაა. შესაბამისად ამ ნაწილში კომპანიები გამოდიან კონკრეტული შეთავაზებით, რომ მათთვის ეს საინტერესოა და ისინი მზად არიან ჩვენი სახის წარმომადგენელი, დისტრიბუტორი შეიძინონ ან ოფიციალური კომისია შექმნან იმისთვის, რომ ჩვენ მათ ვაკავშირებთ და ბიზნესის განვითარებისთვის ვეხამრებით. მათ ესმით, რომ ეს თანხა, რომელსაც ისინი სავაჭრო სახლში გაერთიანებით იხდიან, მომავალში მათ განსაზღვრულ შედეგებს მოუტანს. არა დაპირებების და გაუგებარი შეხვედრების დონეზე, არამედ კონკრეტული შედეგებს“, - აღნიშნა სავაჭრო სახლის დამფუძნებელმა.

დღეისთვის უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლი ქვეყნებს შორის საქმიან შეხვედრებს უკვე აორგანიზებს. პირველი ასეთი ღონისძიება საქართველოს კიბერუსაფრთხოების ასოციაციის მიმართვის საფუძველზე სამხრეთ კორეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უზბეკეთის ფილიალის დელეგაციის სტუმრობა იყო. ეს კომუნიკაცია ხელს შეუწყობს საქართველოში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების უზბეკეთში ექსპორტს, უზბეკეთს კი ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს.

კითხვაზე - რამდენად დიდ წვლილს შეიტანს ახალი გაერთიანება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში, ტიმურ აბდულაევი პასუხობს, რომ მათი წვლილი პრაქტიკული იქნება.

„ჩვენი ამოცანა არა მემორანდუმების გაფორმება, არა რაღაც ფორმალური აღნიშვნების გაკეთებაა, არამედ კონკრეტული ამოცანები გვაქვს, რომლის მიხედვით ქართული და უზბეკური კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ და ჩვენი დახმარებით უკვე მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ. ანტისეპტიკური საშუალებებისა და სასტუმროებისთვის პროფესიონალური ქიმიის მწარმოებელი კომპანია, რომელსაც ქართულ ბაზარზე დიდი წვლილი უკავია დეკემბერში, უზბეკეთში სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელობას და ასევე სამედიცინო დაწესებულებებს გავაცანით, რომლებიც ანტისეპტიკურ პროდუქტებს ფართოდ იყენებდნენ. მათ შეხედეს ბაზარს და ახლა ამ კომპანიისთვის უზბეკეთის ბაზარზე შესვლის კარი იხსენება. ამასთან, უზბეკეთში დამატებით გაჩნდა ინტერესი ქართული ღვინის იმპორტთან მიმართებით და ამავე კომპანიის მხრიდან წამოვიდა ინტერესი საქართველოში მათი ბრენდით ღვინის ჩამოსხმის შესახებ. ასეთი პროექტები ძალიან ბევრია“, - აღნიშნა უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები