სექტემბერში ხილისა და ყურძნის კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები 9.9%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. ფასები წლიურად შემცირდა შემდეგ პროდუქტებზე: ქლიავი (-35%), კივი (-32%), ვაშლი (- 24%), მსხალი (-17%), ლიმონი (-16%) და ყურძენი (-14%).
ISET მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ხილსა და ყურძენზე დაბალი ფასები შესაძლოა 2018 წლის შედარებით უკეთესი მოსავლიანობითა და გაზრდილი წარმოებით იყოს განპირობებული. ამასთან, ISET-ში განმარტავენ, რომ 2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მოსავლის მხრივ ცუდი წელი იყო; გაზაფხულის ყინვებს ზაფხულის გვალვა მოჰყვა, რამაც ხეხილს არახელსაყრელი პირობები შეუქმნა. ამას დაემატა აზიური ფაროსანას გავრცელება, რომელმაც დააზიანა სოფლის მეურნეობის კულტურები. შედეგად, 2017 წელს წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა შემდეგი ხილის წარმოება: ვაშლი (-70%), ქლიავი (-55%), ლიმონი (-53%), და მსხალი (-48%).
2018 წელი კი დამაიმედებლად გამოიყურება ქართველი ფერმერებისთვის და განსაკუთრებით ყურძნის მწარმოებელთათვის. დღევანდელი მდგომარეობით, 2018 წელს 230 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც 72%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (134 000 ტონა).
2018 წლის სექტემბერში სურსათის ფასების ინდექსი, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ითვლის, 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით 7.4%-ით შემცირდა. ფასები შემცირდა სურსათის შემდეგი კატეგორიებისთვის: მცენარეული ზეთი(-21.5%), შაქარი(-21%), რძის პროდუქტები(-14.6%) და ხორცი(-4.5%). აღსანიშნავია, რომ 2018 წლის სექტემბერში, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი 8%-ით გაიზარდა 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, მაგრამ შემცირდა 2.8- ით აგვისტოსთან შედარებით. თვიდან-თვემდე შემცირება ძირითადად განპირობებულია მსოფლიოში სიმინდის მოსალოდნელი მიწოდების გაზრდით, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის უხვი მოსავალი იყო. ასევე, შემცირდა ხორბლისა და ბრინჯის საერთაშორისო ფასები.